"ევრონესტის“ ასამბლეა, რომელიც სომხეთში ჩატარდა და მას საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლობა არ ესწრებოდა, პარტნიორ ქვეყნებზე, განსაკუთრებით კი საქართველოზე, ზეწოლისთვის კიდევ ერთხელ იქნა გამოყენებული. მათ მიერ მიღებული რეზოლუცია რეალობას აცდენილი, ტყუილებით გაჟღენთილი და რადიკალური ოპოზიციისათვის წამახალისებელი იყო. - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
"რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. სწორედ ამიტომ, საქართველოს დელეგაციის ასეთ ასამბლეაში მონაწილეობა აზრს კარგავს. ეს არის საქართველოს დამორჩილების გეგმის ნაწილი და ეს ჩვენს ქვეყანაზე მორიგი შემოტევა. თუმცა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს დავიცავთ. კიდევ ერთხელ ვამბობთ, მზად ვართ პარტნიორული ურთიერთობისათვის და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ საქართველოზე უსამართლო ზეწოლა მოახდინოს, არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადოს მაშინ, როდესაც დამადასტურებელი არცერთი ფაქტი არ არსებობს. ეს არ არის პარტნიორული დამოკიდებულება, ეს არის მტრული დამოკიდებულება და ასეთი ურთიერთობის გაგრძელებას უბრალოდ აზრი არ აქვს“, – განაცხადა ხუნდაძემ.











