"მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციაში არიან ადამიანები, რომლებიც ფორმალურად არ არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს არის ერთი გუნდი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.  მიუხედავად იმისა, რა პარტია ჰქვია, პარტიული არის თუ არა ადამიანი, ვნახეთ, რომ ისინი მოქმედებენ შეთანხმებულად.: 

საზოგადოებამ უკვე იცის, რომ რეზოლუციის პროექტს ხელმოწერა ჰქონდა საქართველოს დელეგაციიდან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, ასევე მოლდოვის დელეგაციის ხელმოწერა და საჭირო იყო კიდევ ორი ხელმოწერა. ოთხი ოპოზიციონერი იყო იქ, ორს მაინც რომ ეფიქრა მეტი საკუთარ ქვეყანაზე და არა დავალებებზე, რეზოლუცია იქნებოდა ინიციირებული.

ასევე სამწუხარო პოზიცია იყო უკრაინის დელეგაციის. აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადება ვნახეთ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლისგან იმ მიზეზებთან დაკავშირებით, რომლის გამოც არ უჭერდნენ მხარს რეზოლუციას, თითქოს საქართველოში ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა. საბოლოო ჯამში, უკრაინის დელეგაციის ეს წარმომადგენლები და „ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედებენ ერთად. ამაზე ვსაუბრობ ხოლმე, როდესაც ვსვამ კითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციის მიმართ, რომ რომელ დროშაზე დადეს მათ ფიცი, საქართველოს დროშაზე თუ სხვა ქვეყნის დროშებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ მათთვის საქართველო აღარ არის სამშობლო და სახელმწიფო, ისინი მოქმედებენ სხვა სახელმწიფოების ინტერესებით და არა საკუთარი ხალხის, ქვეყნის ინტერესებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.