დიასპორის კომიტეტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქცია და თანამდევი ორგანული კანონების პროექტები განიხილა. საკითხი კომიტეტის წევრებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა გააცნო.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი რედაქცია 2011 წელს მიიღეს, რომელშიც დაახლოებით 100-მდე ცვლილება განხორციელდა. შესაბამისად, გარკვეული საკითხები დაზუსტებას საჭიროებს.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ცვლილებებით დაიხვეწება შესაბამისი ნორმები, დაზუსტდება რიგი პროცედურები და განხორციელდება ერთგვაროვანი ნორმების სისტემატიზაცია.

დავით მათიკაშვილის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესს შეეხება. კერძოდ, იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესები და საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.

მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებები რამდენიმე ფაქტორს ემყარება. მისი თქმით, არჩევანის გაკეთების დროს საჭიროა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის ანალიზი და არსებული რეალობის გათვალისწინება, რასაც საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქე მოკლებულია. მეორე ფაქტორი კი შეეხება მოქალაქის ნების დაცვას უცხოური გავლენისგან.

„სხვადასხვა იურისდიქციის პირობებში მყოფი ჩვენი მოქალაქეები, ნებსით თუ უნებლიეთ, გარკვეულწილად ექვემდებარებიან იმ მოცემულობას რაც ადგილსამყოფელ ქვეყანაში არის. ამიტომაც, მათთვის იქ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, გარე ზეწოლის გარეშე ხშირად ვერ ხდება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ცვლილებების საფუძველს არსებული საერთაშორისო პრაქტიკაც ამყარებს.

როგორც დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ სხდომაზე განაცხადა, ცვლილებების მიზანია გამოასწოროს უსამართლო პრინციპი, როდესაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდა, ნაწილს კი - არა, ზოგიერთ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის გამო. ასევე ცვლილებების მიზანია, მოხდეს უცხოური გავლენის პრევენცია.

ირაკლი ზარქუას შეფასებით, ოპოზიციის წრეებში გავრცელებული შეხედულება, რომ ხელისუფლება დიასპორის წარმომადგენლებზე არ ზრუნავს, სიცრუეა. მისივე თქმით, დიასპორასთან მჭიდრო კავშირის დასტურად, ხელისუფლება აფინანსებს სხვადასხვა პროექტებს, რომლის მიზანია კულტურული იდენტობის შენარჩუნება და განათლების ხელშეწყობა.

„ხელისუფლება აქტიურად ზრუნავს დიასპორის წარმომადგენლებზე და მუდმივად გააგრძელებს მათ მხარდაჭერას“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

წარმოდგენილ ცვლილებებს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.