დღეს მოქმედი მთავრობა ბოლო სხდომას მართავს. მე-9 მოწვევის პარლამენტი ხვალ იკრიბება, შესაბამისად, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს მოქმედი მთავრობის უფლებამოსილება მოხსნილად ითვლება და საქართველოს პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.
მე-9 მოწვევის პარლამენტის შეკრების შემდეგ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პრეზიდენტს პრემიერმინისტრობის კანდიდატურას წარუდგენს. ხოლო პრეზიდენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში წარმოაყენებს „ქართული ოცნების“ მხრიდან მისთვის წარდგენილ პრემიერმინისტრობის კანდიდატურას.
პრემიერმინისტრობის კანდიდატი 7 დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად.