დღეს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა „ალტ-ინფოს“ არ დაუწვავს, დროშა დაწვა ორმა ირაკლიმ -  ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„დღეს დროშა არ დაუწვავს არანაირ  „ალტ-ინფოს“, დროშა იქ დაწვა ორმა ირაკლიმ. პრემიერმა და პარტიის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილი შეიძლება შორიახლოს იყო და ასანთი მიაწოდა, მაგრამ ეს ორი ირაკლია და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში, ისეთ რაღაცებს ჩასძახიან ადამიანებს, რომლებსაც თვლიან, რომ ადვილად მოატყუებენ, ადვილად შეაცდენენ ევროპის თაობაზე. გაიხსენეთ რას ამბობენ ეს ორი ადამიანი  ყოველდღე დაუღალავად, რომ ევროპის ერთადერთი თავის ტკივილია, საქართველო როგორმე რამეში ჩაითრიოს, ომის ქარცეცხლში გაახვიოს, გარყვნილების ჭაობში ჩაფლას, სუვერენიტეტი წაართვას, ქართველობა წაართვას, მართლმადიდებლობა თავზე გადაგვახიოს და საერთოდ ყველაფრი. დროშა დღეს პარლამენტის წინ დაწვა მმართველმა ძალამ და მათი რიტორიკის ლოგიკური გაგრძელებაა ეს“- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.