„უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ევროპაში განვითარდა ალბათ ბოლო წლების ყველაზე საინტერესო ქართული სიუჟეტი“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და პარიზში გამართულ კოსმოსის საერთაშორისო სამიტს ეხმიანება, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, მიიღო მონაწილეობა.
ირაკლი კობახიძემ, საქართველოს სახელით, სამიტის ფარგლებში მიღებულ სამ დეკლარაციას მოაწერა ხელი.
ანალიტიკოსი ხაზგასმით წერს და რადიკალებს განუმარტავს, რომ იმ ხელისუფლებებთან, რომლებსაც არალეგიტიმურად მიიჩნევენ, ევროპელი ლიდერები საერთაშორისო ღონისძიებებზე ერთ მაგიდასთან არ სხდებიან, არც მოლაპარაკებებს აწარმოებენ და, მით უმეტეს, საჯარო პროტოკოლით შეხვედრებს არ მართავენ. „უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ევროპაში განვითარდა ალბათ ბოლო წლების ყველაზე საინტერესო ქართული სიუჟეტი: პარიზში 9-10 სექტემბერს გამართულ საერთაშორისო კოსმოსურ სამიტზე საქართველო უბრალოდ დამსწრის როლით არ შემოიფარგლა და ხელი მოაწერა საბოლოო დეკლარაციას კოსმოსის მშვიდობიანი, უსაფრთხო და მდგრადი გამოყენების შესახებ.
უადგილო იყო ქართველი ექსპერტების სარკაზმი „პირველი ქართველი კოსმონავტის“ მომზადებისა თუ პირველი ქართული ხომალდის კოსმოსში გაგზავნის თაობაზე. პარიზში საქართველომ ქართული ხომალდი კი არ გაუშვა სტრატოსფეროში, არამედ ქართველი რადიკალები გააგზავნა „რუსული ხომალდის“ მისამართით და ამისთვის პარიზში ჩასვლა ნამდვილად ღირდა.
განსაკუთრებით საყურადღებოა ისიც, რომ ხელმოწერილ დოკუმენტში საქართველო საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, თურქეთისა და სხვა სახელმწიფოების გვერდით აღმოჩნდა. სამიტმა დაახლოებით 90 ქვეყანა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და კოსმოსური ინდუსტრიის დაახლოებით 1100 კომპანია შეკრიბა. ანუ საქმე უკვე აღარ ეხება იმას, „ვინ ვის აღიარებს“ ლეგიტიმურად თბილისთან დაკავშირებულ მორიგ პოლიტიკურ კამათში, არამედ საქმე საერთაშორისო ურთიერთქმედების სრულიად სხვა დონეს ეხება. ამიტომ ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა: ხომ არ ხდება პარიზის სამიტი იმ უსასრულო თამაშის დასასრულის დასაწყისი, რომელშიც ქართული ხელისუფლების წარმოჩენას წლების განმავლობაში ცდილობენ, როგორც რაღაც პოლიტიკურ ანომალიად, რომლის დანახვაც ევროპას თითქოს არ სურს? განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ ქართული რადიკალური ოპოზიციისთვის საკრალურ თარიღად ქცეული „არალეგიტიმური ხელისუფლების“ წინააღმდეგ უწყვეტი საპროტესტო აქციების 666-ე დღე სწორედ ასეთი საერთაშორისო კონტაქტების ფონზე ახლოვდება.
შეიძლება, რამდენიც გინდათ, იმეოროთ „არალეგიტიმურობის“ მანტრა, მაგრამ რეალური პოლიტიკა ცოტა სხვაგვარად არის მოწყობილი: ხელისუფლებებთან, რომლებსაც არალეგიტიმურად მიიჩნევენ, ჩვეულებრივ, ერთ მაგიდასთან არ სხდებიან საერთაშორისო ღონისძიებებზე, მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ და, მით უმეტეს, საჯარო პროტოკოლით შეხვედრებს არ მართავენ ევროპული ინსტიტუტების უმაღლეს დონეზე. საკმარისია, თუნდაც ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრის ფოტო დავინახოთ, სადაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი მასთან მივიდა კითხვებით: „ვინ ხართ? აქ როგორ აღმოჩნდით და ვინ მოგიწვიათ?“. თვით ასეთი შეხვედრის ფაქტი უკვე გაცილებით მეტად მეტყველი პოლიტიკური სიგნალია, ვიდრე აქამდე გამოცემული ასობით აბსურდული რეზოლუცია, განცხადება თუ სოციალური ქსელის პოსტი. ხომ არ დაიღალა თავად ევროპა ამ მორიგი მარაზმით? ასეთი მიამიტებიც ნუ ვიქნებით, მაგრამ შესაძლოა, ევროპული პოლიტიკა უკვე გაცილებით მეტ პრაგმატიზმს ავლენს, ვიდრე ეს ზოგიერთ ქართველ რადიკალს სურს.
გარკვეულ მომენტში რეალობა ყველაზე აბსურდულ პოლიტიკურ თეატრსაც კი ამარცხებს: საქართველო არსებობს, საქართველოს ხელისუფლება არსებობს, ის გადაწყვეტილებებს იღებს, ხელს აწერს საერთაშორისო დოკუმენტებს და მონაწილეობს ღონისძიებებში, სადაც მსოფლიოს უმსხვილესი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები არიან წარმოდგენილი. ეს ვითარება ზუსტად ჯდება რეიგანის დროინდელი იმ შეშლილი ფიზიკოს ჰაიდერის ისტორიაში, რომელიც რაღაც პროტესტის ნიშნად თითქმის 200 დღე თეთრ სახლთან „შიმშილობდა“ და ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ თავს მტკიცედ უთხრა, რომ ნამდვილად მოშივდა, რის შემდეგაც ადგა და თეთრ სახლთან ყველაზე ახლოს მდებარე კაფეში წავიდა საჭმელად. შესაძლოა, რაღაც მსგავსი თანდათან ევროპულ პოლიტიკაშიც ხდება საქართველოს მიმართ: ხანგრძლივი პოლიტიკური შიმშილობის შემდეგ დგება მომენტი, როდესაც უკვე არა ლოზუნგები, არამედ ნორმალური დიპლომატიური საკვები გჭირდება. ამიტომ საპროტესტო აქციების მოახლოებული 666-ე დღე შესაძლოა არა „არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან“ ბრძოლის მორიგი ეტაპის დასაწყისი, არამედ საკმაოდ ირონიული ათვლის წერტილი აღმოჩნდეს სხვა ისტორიისთვის.
ისტორიისა, რომელშიც საბოლოოდ ირკვევა, რომ სანამ ზოგიერთი ევროპისთვის იმის დამტკიცებას აგრძელებს, ვინ უნდა ჩათვალოს მას ლეგიტიმურად, თავად ევროპამ უკვე დაიწყო საუბარი მათთან, ვინც რეალურად მართავს საქართველოს. ასე რომ, პარიზში არა ქართული რაკეტის კოსმოსში გაშვებას ჩაეყარა საფუძველი, არამედ ქართველი რადიკალების მათთვის კარგად ნაცნობ მისამართზე გაგზავნას. და ეს არა „ბაიკონურიდან“, არამედ პარიზიდან მოხდა, რაც ორმაგად სიმბოლურია…“ - წერს დავით ქართველიშვილი.







