შუა დერეფნის პროექტზე საუბრობენ და ცდილობენ, საქართველო არ ახსენონ, ეს, გარკვეულწილად, შეგნებულად თვალზე ხელაფარებული და რაღაც ძირის გამოთხრელი სიტუაციაა, თუმცა ვფიქრობთ, ნელ-ნელა წარსულს ეძლევა, – ასე უპასუხა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რა შეფასებას მისცემს ოპონენტთა განცხადებებს, რომ სომხეთი მასპინძლობს ევროპულ სამიტებს, მაშინ როცა საქართველოს შეეძლო, ასეთი შესაძლებლობით ესარგებლა, ახლა კი ქვეყანა მოქცეულია საერთაშორისო იზოლაციაში.

„დღეს ჩვენ ვხედავთ იგივე პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას მნიშვნელოვან ფორუმზე, სადაც იყო დიალოგი. ეს დიალოგი მუდმივად არსებობს, შესაძლებელია, ამ დიალოგს მასშტაბები გააჩნია, მაგრამ დიალოგი სულ არის. ორმაგი სტანდარტით, ტყუილებით და ძალმომრეობით გაჯერებული პოზიცია როცა გააჩნია შენს ვიზიტს, ცხადია, იქ სალაპარაკო არც არაფერი არ გაქვს, მაგრამ როგორც კი კონსტრუქციულ და ობიექტურ საფუძვლებზე ხდება გადმოტანა საუბრის, იქ, ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ ყველასთან სასაუბროდ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა აირჩია თავისუფლება, სუვერენიტეტი, ომს უთხრა უარი და ძალიან კარგად აღიქვა ის, რაც უნდოდათ საქართველოსგან, ანუ, მისი პროქსი ქვეყნად გადაქცევა, რაც შეძლეს უკრაინასთან მიმართებით.

„ამაზე ჩვენმა ხალხმა უარი თქვა 2024 წელს და კეთილი ინებონ, თვალი გაუსწორონ სიმართლეს, თვალი გაუსწორონ ჭეშმარიტ მოცემულობას. ვინმეს თუ რამე დაავიწყდა და სკოლაში კარგად არ აქვს გეოგრაფია ნასწავლი, კიდევ ერთხელ დახედოს გლობუსს, რუკას და მიხვდება, რომ, ქართველი ხალხის არჩევანის პატივისცემასთან ერთად, შუა დერეფნის მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტი გადის ჩვენ ქვეყანაზე. ამიტომ, თუ სურთ ამ ქვეყნით სარგებლობა, კარგი გაგებით ვამბობ, როგორც ტრანზიტული ქვეყნით, პატივისცემით იყვნენ იმ ხალხის მიმართ, რომელმაც საქართველოში აირჩია ხელისუფლება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეკითხვაზე, რა გზავნილი შეიძლება იყოს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან შეცვლილი პოზიციონირება ბოლო დღეებში, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ მხოლოდ მიესალმება, თუკი უკრაინულმა მხარემ გაიაზრა, რომ სრულიად დესტრუქციულ მოცემულობაში იყვნენ საქართველოსთან მიმართებით და გადადგეს კონკრეტული პოზიტიური ნაბიჯები.

„ჩვენ უკრაინელ ხალხთან, უკრაინელებთან მიმართებით არასდროს არც გვქონია არანაირი პრეტენზია და პრობლემა. პირიქით, ძალიან კარგად იცით, რომ ერთი რეზოლუციაც კი არ იყო უამრავ რეზოლუციაში, სადაც საქართველომ უკრაინას მხარი არ დაუჭირა და  ომის შემდგომ უკრაინელებს ფართოდ გაუხსნა კარი. ათიათასობით ლტოლვილია დღესაც საქართველოში, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეხმარება და გვერდით უდგას. ამას არავის არ ვაყვედრი, ეს, უბრალოდ, მოცემულობა და ფაქტია. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც უკრაინულენოვანი ფაკულტეტები და სკოლები გაიხსნა, რომ უკრაინელმა ბავშვებმა და სტუდენტებმა ისწავლონ. ამ ყველაფრის ფონზე მოხდა ელჩის გაწვევა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრემიერის დასანქცირება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ივი მიესალმება მომავალ ურთიერთობებში სიტუაციის გამოსწორებას და მეგობრულ რელსებზე გადაყვანას, თუმცა, მისივე თქმით, პრობლემები, რომელიც აქამდეც იყო, არსად გამქრალა.

„პირველ რიგში, პრობლემაა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული დიპლომატიური მოცემულობა, ის უსამართლო დამოკიდებულება, ბომბების წვიმის ქვეშ კიევში ჩვენი საელჩო უკანასკნელი ღია საელჩო რომ იყო. ამ ყველაფრის მიუხედავად, სახელმწიფო ბორტით მებრძოლების გაგზავნის, რუსეთთან ესკალაციაზე წასვლის და ა.შ. მიზეზებით საქართველოსთან გაართულეს ურთიერთობა. მეტსაც გეტყვით, უკრაინულმა სპეცსამსახურებმა დამნაშავე ყოფილი პრეზიდენტი შემოგვიგზავნეს, რათა საქართველოში რევოლუციები მომხდარიყო, მაგრამ ეს არის ერთი საკითხი, რომელიც არსად არ გამქრალა, თუმცა მეორე საკითხია მომავალი. ეს ომში მყოფი ქვეყანაა, ჩვენ ამას ვითვალისწინებთ, გაგებით ვეკიდებით, არის მომავალი ურთიერთობა საქართველოს და უკრაინას შორის და, ნამდვილად, ჩვენ იმის სურვილი არ გვაქვს, რომ ეს ურთიერთობა იყოს აუგი და არ იყოს მეგობრულ რელსებზე ასაყვანი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტს და თავისუფლებას იცავს კბილებით და ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყანა ომში არ ჩართულიყო.

„პირდაპირი მოთხოვნა იყო საქართველოს მიმართებით ომში ჩართვის და ეს ყველაფერი იყო ძალიან დიდი ხნით ადრე შეკოწიწებული, გეგმაში ჩაწერილი მოქმედება, რომელიც საქართველოს უნდა შეესრულებინა. ის ხელისუფლება, რომლისთვისაც შემოაპარეს მაშინ მიხეილ სააკაშვილი შესაბამისი არაჟნების კონტეინერით, აუცილებლად მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მათ სურდათ. არც ეს რეზოლუციები არ იქნებოდა და თუ დარჩებოდა რამე საქართველოსგან, საქართველოს ხელისუფლება წითელ ხალიჩაზეც ივლიდა აუცილებლად, მაგრამ დარჩებოდა საქართველოსგან რამე? დღეს რომ გაზით და ელექტრომატარებლებით მომარაგება სურს ევროპას და საქართველო რომ ერთადერთი უალტერნატივო მშვიდობიანი მარშრუტია, დარჩებოდა ამ მარშრუტისგან რამე, ჩვენ რომ მართლაც ავყოლოდით იმ გეგმებს, რომელიც ცალკე ევროკავშირის კონკრეტული ბიუროკრატიისგან მოდიოდა და უკრაინისგან ხომ მოდიოდა და მოდიოდა? ეს ხელისუფლება არ სჭირდებათ და არ მოსწონთ. ამიტომაც ხდება ეს ყველაფერი და ახლა, რაც არ უნდა დაწერონ ანგარიშებში, წერონ და იკითხონ, რადგან ქართველ ხალხზე ეს ზემოქმედებას ვერ მოახდენს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.