პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა გადაცემა "ღამის კურიერში" ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
დეპუტატმა, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ქრისტიანობის მიღების 1700 წელზე. როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის იდენტობის ჩამოყალიბებაში რელიგიას უდიდესი როლი მიუძღვის.
"მინდა, მივულოცო ჩვენს ქვეყანას, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე. საოცრად იზეიმეს ქართველებმა, ისე, როგორც სჩვევიათ. გამორჩეულია წლევანდელი დღესასწაული, მოგეხსენებათ 1700 წელი სრულდება, რაც ჩვენმა ქვეყანამ ქრისტიანობა გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად. ეს არის გამორჩეული თარიღი.
აქ არის ქრისტიანობის განსაკუთრებული როლი, ჩვენი ეკლესიის განსაკუთრებული დამსახურება საქართველოს, ქართველი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ჩამოყალიბებაში.
კარგად იცით, რომ სიტყვებს - "მამული, ენა სარწმუნოებას", წინ უძღოდა გიორგი მერჩულის იმავენაირად ნათქვამი სიტყვები, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ეკლესიისა და ერის, ანუ სახელმწიფოს და ჩვენი რელიგიის მთლიანობაში მოაზრებას და ამან შექმნა ის საქართველო, რომელმაც გუშინ ღირსეულად იზეიმა 26 მაისი," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.










