პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ასეთი მესიჯები ხელს უწყობს საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებას და რევოლუციის მოწყობის მცდელობის გამართლებას.

„ჩალის ფასი აქვს მათ შეფასებებს, რადგან ტყუილებსა და უსაფუძვლო ბრალდებებზეა დამყარებული. მეორე მხრივ, არ ფიქრობთ, რომ ზუსტად ასეთი მესიჯები ხელს უწყობს საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებას და იმ ტყუილი ნარატივების გამართლებას, რომ საქართველოში არ ყოფილა შესაძლებელი არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლა და მოდი, კიდევ ერთი მცდელობა გვქონდეს რევოლუციის.

გაგახსენებთ 2024 წლის არჩევნებს, რომლის მერეც საარჩევნო სისტემაში არაფერი შეცვლილა. ამ არჩევნების წინ რადიკალი ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს ასწრებდნენ, მიდიოდნენ ელექტრო ხმის მიცემის ყუთებთან და ამბობდნენ, რომ წარმოუდგენელია აქ რაიმე ფორმით გაყალბება და მანიპულაციაო. როგორც კი მწარედ დამარცხდნენ ამ არჩევნებში, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს აპარატები ყოფილა მანიპულაციის საგანი. როგორც კი ეუთო/ოდირის დასკვნამ არ უპასუხა და არ ესადაგებოდა იმ დეგრადირებულ დღის წესრიგს, რაც აქაურ რადიკალებს და მათ პატრონებს გააჩნდათ, მაშინვე ეუთო/ოდირი არ ყოფილა კომპეტენტური. ახლა რას უწუნებენ, საიდან მოვიდა მონიტორინგის კომისიიდან ის ფრაზა, რისთვის სჭირდებათ? იმიტომ, რომ აქ რადიკალიზმი გააღვივონ?", - აღნიშნა მათიკაშვილმა.