ისტორიულად გერმანიასთან მეგობრული ურთიერთობები გვქონდა. სამწუხაროა, როცა ქვეყანაზე ზეწოლის მექანიზმად განათლებისა და სამეცნიერო კუთხით არსებული პროგრამები გამოიყენება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„კიდევ ერთხელ ცხადდება ის გარკვეული ზეწოლა, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ზეწოლა იმ ქვეყნის მხრიდან მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს მეგობარია. ისტორიულად ჩვენ და გერმანიას მეგობრული ურთიერთობები გვქონდა. სამწუხაროა, როცა ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლის მექანიზმად განათლებისა და სამეცნიერო კუთხით არსებული პროგრამების გამოყენება ხდება. ნათელია, რომ ამ ყველაფერს წინ ქვეყნის პრინციპული პოზიცია უძღოდა, რომელიც იყო უკრაინაში ომის დაწყებასთან, საქართველოს ამ ომში არჩართვასთან და რუსეთისთვის სანქციების არდაწესებასთან დაკავშირებით. ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთვის სუვერენიტეტი და ოჯახური ღირებულებები მთავარია.

ეს ყველაფერი დროებითი მოვლენაა. დარწმუნებული ვართ, რომ სიტუაცია და ურთიერთობები გაჯანსაღდება და საღი აზრის პოლიტიკა, რომელიც აშშ-დან მოემართება, ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებამდე აუცილებლად მიაღწევს და მსგავსი საქციელებით მანიპულირების მცდელობა აღარ მოხდება“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გერმანიის განათლების მინისტრმა გაყინა სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება საქართველოსთან, თუმცა ამჟამინდელ დაფინანსებებს, მათ შორის სასტიპენდიო პროგრამებს, ეს ჯერ არ შეხებია.