აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების განახლებული სტრატეგია მხილებაა ევროკავშირში არსებული ძალიან დიდი კრიზისის, კორუფციის ჭაობში მყოფი ევროჩინოსნების, რომლებიც საკუთარი ინტერესებისთვის მართავენ ევროკავშირს და არ ითვალისწინებენ ევროკავშირში შემავალი ქვეყნების სურვილებს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სტრატეგიაში პირდაპირ წერია, თუ რა მძიმე რეალობაა იმ მიმართულებით, როდესაც უმიზნოდ და შესაბამისი სტრატეგიის გარეშე ხდება ნატო-ს გაფართოების სურვილის რეალიზება.
„აქ საუბარია მშვიდობაზე, ქვეყნების გაძლიერებაზე და ეს სტრატეგია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ევროკავშირში არსებული სახელისუფლებო მოცემულობა ძალიან მძიმე კრიზისში იმყოფება და ამის პრაქტიკულ მხილებას ახდენს შეერთებული შტატები“, – გააცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო ყოველთვის პირნათლად ასრულებდა თავის ვალდებულებებს ნატო-სთან მიმართებით, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით ნატო-ს მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით.
„2008 წლის სამიტის ფონზე უსაფრთხოების გარანტიების ნაცვლად, პირიქით, ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი ჩანაწერი გაჩნდა კონკრეტულ რეზოლუციაში, რამაც ძალიან ბევრი პრობლემა გამოიწვია როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობა და ამოცანა არის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და ქართველი ხალხის, ჩვენი საზოგადოების ნება-სურვილის განხორციელება როგორც უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით, რაც წარმოადგენს ნომერ პირველ ამოცანას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიაში ევროპაში აშშ-ის პრიორიტეტებს შორის დასახელებულია „ნატო-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმის დასრულება“.







