„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა პარტიულ არჩევნებს ფოთის ენმ-ის  თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია უადგილოდ მიიჩნევს. როგორც მან „აიპრესთან“ განაცხადა, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, მთელი ყურადღება აქეთკენ უნდა იყოს მიმართული. მისივე თქმით, რჩება საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარედ და პარტიიდან წასვლას არ აპირებს. 

„რა თქმა უნდა, ბოიკოტის რეჟიმში ვარ იმიტომ, რომ ამ არჩევნებს დაპირისპირების მეტი არაფერი სიკეთე არ მოაქვს და დაპირისპირების ფაზაში არ მინდა შესვლა. ამ არჩევნებისთვის არავის სცალია, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და მთელი აქცენტები აქეთკენ უნდა იყოს მიმართული და  თავმჯდომარე, რომელიც დღეს ბრძანდება, მხოლოდ ერთი მიზეზით იქნა აჩეული, რომ მან ხალხს უთხრა, გადაარჩენდა მიხეილ სააკაშვილს, შევარდებოდა „ვივმედში“ და გამოიყვანდა, მხრებითაც  რომ დასჭირვებოდა, მაგრამ რაც მოვიდა იმის შემდეგ არჩევნებისკენაა მიმართული და არჩევნების გულისთვის არავის მიუცია მისთვის ხმა. მას ხმა მისცეს იმისთვის, რომ ხალხისთვის მიცემული შეპირება შეესრულებინა, მაგრამ ჯერჯერობით მიშა არავის ახსოვს და ახლა არჩევნებში შესვლა ეს იმას ნიშნავდა, რომ ისევ დაპირისპირების კერა გამხდარიყო და რეგიონებში თითქმის ყველამ შევიკავეთ თავი არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. 

ფოთიდან არჩევნებში ერთი კანდიდატი ღებულობს მონაწილეობას და მას კონკურენტი არ ეყოლება, რაც მისაღებია მათთვის. მარტო მოუწევს და გამარჯვებულიც იქნება, თუ ეს არის გამარჯვება, კარგად იყვნენ... იცით რას გეტყვით, რომ ყოფილიყო ისეთი მომენტი, რომ მიშა გადაეყვანათ სამკურნალოდ, თუნდაც თბილისიდან, ტელეფონით მოვუგებდი არჩევნებს. იმდენი კი გამიკეთებია იმ ქალაქში, რომ მართლა მოვუგებდი  ტელეფონით, მაგრამ არ არის ახლა ამისი დრო, ვინაიდან უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი პრეზიდენტი და მთელი აქცენტები აქეთ უნდა იქნას გადატანილი. კარგად გაიხსენოს ყველამ 2016 წელი, როდესაც მარტო დავრჩი ამ პარტიაში, ყველა გადავიდა სხვაგან და მთელი ჯარი შევქმენი. ამის მოწმე არის ფოთი და ფოთელები.  ფრაქციიდან არ მივდივარ, ფრაქციის თავმჯდომარე ვარ ჯერჯერობით, არ ვიცი მერე რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მე არსად ვაპირებ ამ პარტიიდან წასვლას, ეს მინდა დავაფიქსირო“- განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

ცნობისათვის, ფოთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, პარტიის ადგილობრივი ლიდერების არჩევნებში დავით ხომერიკის კანდიდატურა წარადგინეს.