9 აპრილი მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის და  ვიღაცამ რომ მიიწეროს, ამის უფლება არავის აქვს - ამის შესახებ ენმ-ის  ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ „აიპრესთან“ განაცხადა, რითაც 9 აპრილს ლევან ხაბეიშვილის მიერ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

„9 აპრილი ყველასია, მართალია  ტრაგიკული, მაგრამ მაინც სიმბოლურად ეს არის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, ზვიად გამსახურდიამ აღადგინა. მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის და  ვიღაცამ რომ მიიწეროს და კერძო იმად გადააქციოს, ამის უფლება არავის აქვს. იქ ისედაც მიდიოდა ხალხი და მივა ახლაც.

ჩემთვის ახლა ნომერ პირველი ამოცანაა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ის უნდა გადაიყვანონ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სიცოცხლე შევუნარჩუნოთ, ადამიანი 60 კილომდეა მოსული, ეგ არის ახლა ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედია. ორი წელია თბილისში ვარ და იქ ვდგავარ, სადაც უნდა ვიდგე და სადაც ჩემი გულია. მთელი  გონება, არსი, ყველაფერი არის იქ სადაც წევს მიხეილ სააკაშვილი. დილის 9 საათიდან საღამოს 7-8 საათამდე იქ ვარ“,- აღნიშნა დარეჯან ცხვიტარიამ.