„სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სახელმწიფოს სახელით მოქმედი ადამიანები მიზანმიმართულად კლავდნენ, და რომ სახელმწიფოს სახელით მოქმედი ადამიანები აწამებდნენ... ეს იყო მიზანმიმართული მკვლელების და მწამებლების რეჟიმი“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
რატი ბრეგაძემ კომენტარი გააკეთა ე.წ. კორტების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ და გაიხსენა საქმე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, რომელზედაც გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოვიდა.
„ამ პერიოდში გამოვიდა უკვე მეორე გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოდან. ერთი იყო „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, რითაც სტრასბურგის სასმაართლომ დაადასტურა, რომ ციხეებში ხდებოდა წამება. ეს იყო მასობრივი მოვლენა და ნათლად იყო აღწერილი, რომ ცოცხალ ადამიანებს აბამდნენ გარდაცვლილებზე იმისთვის, რომ დაემორჩილებინათ; დღევანდელი გადაწყვეტილებით კი, დადასტურდა ერთი რამ, რომ „კორტების სპეცოპერაცია“ იყო მიზანმიმართული და გამიზნული მკვლელობა და არა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ ეროვნულ დონეზე მართლმსაჯულება წარმართული იყო სწორი ფორმით.
„მთელი ამ სისტემის არქიტექტორები და შემსრულებლები, რომლებიც ციხეებში აწამებდნენ და გარეთ სახელმწიფოს სახელით კლავდნენ, სასჯელს იხდიან პენიტენციურ დაწესებულებებში და მათი ყველა უფლება არის გარანტირებული. ჩვენ ამით ვიცავთ, მათ შორის, ადამიანის ღირსებას, რაც იმასაც გულისხმობს, რომ რაოდენ უღირსადაც უნდა მოიქცეს ადამიანი, მას სახელმწიფო უნდა მოეპყრას ღირსეულად. ამ ყველაფრით დასტურდება ის პროევროპული კურსი, რომელიც ჩვენ გვაქვს არჩეული და ცივილიზებული სამყაროს ღირებულებათა პატივისცემა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვავლენთ“, – განაცხადა მინისტრმა.