მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა დაემორჩილოს მკურნალობის კურსს და მისმა მომხრეებმაც ხელი უნდა შეუწყონ ამ ადამიანს მკურნალობაში, თუ მისი მიზანი ჯანმრთელად ყოფნაა. ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანი იყოს კარგად, ხოლო მას არ უნდა, რომ იყოს კარგად, რადგან ცუდად ყოფნით ეძებს ციხიდან გამოსასვლელ გზას - ეს არ მოხდება, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
"გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენთვის ამოსავალი წერტილია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, მათ შეუძლიათ, ილაპარაკონ რაც უნდათ და როგორც უნდათ. ეს ჩვენთვის არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ სირთულეს ან დაბრკოლებას. ჩვენ ვიმოქმედებთ მხოლოდ კანონის შესაბამისად. კლინიკამ თავისი სათქმელი თქვა, რომ ეს ადამიანი არ ემორჩილება მკურნალობას და ამითაც უკვე საზოგადოებისთვის ნათელია, თუ რას ემსახურება „ნაცმოძრაობის“ კამპანია, რომელიც ამ ადამიანის სახელის გამოყენებას აპირებს საკუთარი რეინკარნირებისთვის და გარკვეული იმედების გასაცოცხლებლად მცირერიცხოვან მომხრეებში, ასევე მიხეილ სააკაშვილისთვისაც, რომელიც ნებისმიერი შესაძლო მეთოდით იბრძვის თავისუფლების მოსაპოვებლად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რაიმე სახის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს მისი გათავისუფლებისთვის არ გააჩნია. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. ეს ადამიანი განაჩენის გარეშე ჩვენთან არაა - გვაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება და ვალდებულები ვართ, ის აღვასრულოთ ნებისმიერ ფასად.
ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული წნეხის მცდელობები, როგორც უშუალოდ თანამშრომლებზე, ასევე ყოველდღიურად წარმოებს ისტერიული კამპანია, თითქოს მას აწამებენ და ის უსამართლობის მსხვერპლია, მაგრამ ის იხდის სასჯელს და მოიხდის ამ სასჯელს, სანამ არ იქნება კანონით გათვალისწინებული სხვა გადაწყვეტილება. ჩვენ ვაგრძელებთ იმ კურსს, რომელიც გვაქვს არჩეული. მისი, როგორც პატიმრის, ყველა უფლება არის დაცული, ამაზე ვერცერთ პრეტენზიას ვერავინ წარმოადგენს. ჩვენი მხრიდან კეთდება და მომავალშიც გაკეთდება ყველაფერი, რომ როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობა იყოს სრულად დაცული. რაც შეეხება თვითდაზიანებას, თუ ჩავხედავთ კლინიკის განცხადებას, მათაც თქვეს, რომ ეთიკიდან გამომდინარე იძულებით მკურნალობას ვერავის ჩაუტარებენ. ესეც არ შეიძლება. შესაბამისად, ის უნდა დაემორჩილოს მკურნალობის კურსს და მისმა მომხრეებმაც ხელი უნდა შეუწყონ ამ ადამიანს მკურნალობაში, თუ მისი მიზანი ჯანმრთელად ყოფნაა. ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანი იყოს კარგად, ხოლო მას არ უნდა, რომ იყოს კარგად, იმიტომ, რომ ცუდად ყოფნით ეძებს ციხიდან გამოსასვლელ გზას - ეს არ მოხდება“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.