„მათ აქვთ უფლება, მიმართონ როგორც ეროვნულ სასამართლოს, ისე სტრასბურგის სასამართლოს, და, სიმართლე გითხრათ, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი გავიდა მას შემდეგ და რატომ არ მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს, ამაზე პასუხს, ალბათ, ისინი თავად უკეთ გაგცემენ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, კერძოდ, როგორც მსჯავრდადებულ სააკაშვილის, ისე ნებისმიერი სხვა პატიმრის უფლებების დაცვისთვის“, – ეს განცხადება რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„მე მრავალგზის მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის, არცერთი უფლება არ ყოფილა დარღვეული. ჩვენ ერთხელ ვიხილეთ უკვე, როდესაც მისმა უფლებადამცველებმა მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს, და მაშინ ვნახეთ, საბოლოო ჯამში, რა შედეგიც დადგა. მათ, ასევე, ძირითადი სარჩელიც კი გამოითხოვეს სტრასბურგის სასამართლოდან – ეს იყო გასულ წელს, და წელს მიმართავენ თუ არა, ეს, რა თქმა უნდა, არის მათი გადასაწყვეტი. თუმცა, აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ყველა უფლება, რაც კი აქვს მიხეილ სააკაშვილს, როგორც პატიმარს, არის მკაფიოდ დაცული. მას უკვე, დაახლოებით, 2000 ვიზიტორი ჰყავდა; მას თუ სჭირდება მკურნალობა, ის მკურნალობს შესაბამის კლინიკაში და, უბრალოდ, ფიზიკურად რთულია, წარმოვიდგინოთ, მისი რომელი უფლების დარღვევაზე შეიძლება ჰქონდეს საუბარი დაინტერესებულ მხარეს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.