ქონების გადასახადთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადზე არსებული 40-ათასლარიანი ზღვარის გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.
კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, უძრავ-მოძრავ ქონებაზე დაწესებული ყოველწლიური გადასახადი გაუქმდება იმ მოქალაქეებისთვის, ვისი შემოსავალიც 40 ათასი ლარი და მეტია.
გადასახადს მხოლოდ 100 ათასი ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები გადაიხდიან.
პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.
„საქმე ეხება ქონების გადასახადის 40-ათასიანი ზღვარის გაუქმებას და მხოლოდ 100-ათასლარიანი ზღვარის დატოვებას, დაჩქარებული წესით განხილვაა მოთხოვნილი. ერთ დღეს ორივე მოსმენითაც განვიხილავთ“, – აღნიშნა ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
ქონების გადასახადისგან 81 000 პირი გათავისუფლდება. ცვლილება ოქტომბრიდან ამოქმედდება და მიმდინარე წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება.




