1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ერთად შევძელით, ჩვენი ქვეყანა განვითარების სწორ რელსებზე დაგვეყენებინა. შედეგად, თქვენთან ერთად, საფუძველი ჩავუყარეთ დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული ქვეყნის მშენებლობას. გავაჯანსაღეთ სასამართლო და პროკურატურა, მედია დამოუკიდებელია, ბიზნესი ხელშეუხებელი. შესაბამისად, ხალხი თავისუფლად სუნთქავს და აღარავის აქვს პოლიტიკური დევნის შიში. - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა რუსთავში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქვემო ქართლში მოვაწესრიგეთ და განვავითარეთ ინფრასტრუქტურა. მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამებით, ავაღორძინეთ წინა ხელისუფლების დროს დაკნინებული სოფლის მეურნეობა, ჩვენს გლეხებსა და ფერმერებს მანამდე დაკეტილი ბაზრებისკენ გავუხსენით გზა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე, რა მიმართულებითაც არაერთი ინვესტიცია სწორედ ქვემო ქართლში განხორციელდა.
სამუდამოდ ჩავაბარეთ წარსულს დრო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად აღიქვამდა და ისინი მხოლოდ არჩევნებზე ახსენდებოდა. დღეს სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი ადამიანია! საქართველოს თითოეული მოქალაქე, მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, თანასწორია და სრულად სარგებლობს ყველა იმ პრივილეგიით, რასაც სახელმწიფო მოქალაქეებს სთავაზობს.
2012 წელს, ერთ დროს წელგამართულ, მშრომელი ხალხით დასახლებულ რუსთავში უმუშევრობა, სიღატაკე და უკიდურესი გაჭირვება სუფევდა. მაშინ რუსთაველებს დაგპირდით, რომ დაგიბრუნებდით ღირსებას, მაქსიმალურად ავითვისებდით ამ ქალაქის ინდუსტრიულ პოტენციალს და ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის, რომ სრული დატვირთვით ამუშავებულიყო რუსთავში მდებარე ქარხნები და საწარმოები. მოხარული ვარ, რომ ეს პირობაც შევასრულეთ და ამ მიმართულებით მომავალშიც ძალიან ბევრი რამ გაკეთდება." - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.