ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქვემო ქართლში მოვაწესრიგეთ და განვავითარეთ ინფრასტრუქტურა. მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამებით, ავაღორძინეთ წინა ხელისუფლების დროს დაკნინებული სოფლის მეურნეობა, ჩვენს გლეხებსა და ფერმერებს მანამდე დაკეტილი ბაზრებისკენ გავუხსენით გზა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე, რა მიმართულებითაც არაერთი ინვესტიცია სწორედ ქვემო ქართლში განხორციელდა. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა რუსთავში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"სამუდამოდ ჩავაბარეთ წარსულს დრო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად აღიქვამდა და ისინი მხოლოდ არჩევნებზე ახსენდებოდა. დღეს სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი ადამიანია! საქართველოს თითოეული მოქალაქე, მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, თანასწორია და სრულად სარგებლობს ყველა იმ პრივილეგიით, რასაც სახელმწიფო მოქალაქეებს სთავაზობს.
2012 წელს, ერთ დროს წელგამართულ, მშრომელი ხალხით დასახლებულ რუსთავში უმუშევრობა, სიღატაკე და უკიდურესი გაჭირვება სუფევდა. მაშინ რუსთაველებს დაგპირდით, რომ დაგიბრუნებდით ღირსებას, მაქსიმალურად ავითვისებდით ამ ქალაქის ინდუსტრიულ პოტენციალს და ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის, რომ სრული დატვირთვით ამუშავებულიყო რუსთავში მდებარე ქარხნები და საწარმოები. მოხარული ვარ, რომ ეს პირობაც შევასრულეთ და ამ მიმართულებით მომავალშიც ძალიან ბევრი რამ გაკეთდება.
რუსთაველები იმაშიც დაგვემოწმებიან, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თუნდაც მცირე ძალაუფლების ხელში ჩაგდება საბოტაჟს და ხალხისთვის გარდაუვალ ზიანს ნიშნავს. დღეს ქალაქს ჰყავს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, პროფესიონალი მერი, გასაოცარი ახალგაზრდა ქალი ნინო ლაცაბიძე, რომელიც 24 საათის განმავლობაში რუსთავისა და რუსთაველების ინტერესზე ზრუნავს. ამის საპირწონედ, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რუსთავის საკრებულოში თანამდებობებისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამართეს. მეტიც, ისინი მუდმივ საბოტაჟს უწყობენ რუსთავის მოსახლეობას და ქალაქისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პროექტების განხორციელებას აფერხებენ. ეს მაგალითი ძალიან კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდეს.
როგორც წარსულში, დღესაც, რადიკალური ოპოზიცია არა ქვეყნისა და ხალხის ინტერესების, არამედ გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად მოქმედებს. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც არ შეიძლება ძალაუფლებასთან ამ ხალხის გაკარება, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ 26 ოქტომბერს არჩევანს ვაკეთებთ არა კარგსა და უკეთესს, არამედ ომსა და მშვიდობას, გარე ძალების აგენტებსა და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელ „ქართულ ოცნებას“ შორის. ჩვენ უცხო ძალებს არ მივცემთ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის უფლებას, რადგან 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა აირჩევს არა უცხოურ აგენტურას, არამედ ეროვნული პოლიტიკის გამტარებელ პოლიტიკურ ძალას - „ქართულ ოცნებას“!
კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ მოქმედებს, არათუ ხელისუფლებას აღარ უნდა გავაკაროთ, არამედ უნდა დადგეს მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და უმკაცრესად გასამართლების საკითხი. ამ უსამშობლო ადამიანებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების წამებასა და მკვლელობაზე, ბიზნესის რეკეტზე, ქვეყანაში გამეფებულ კორუფციაზე და იმ ავტორიტარიზმზე, რომელშიც წლების განმავლობაში გვაცხოვრეს, არამედ, პირველ რიგში, უმძიმეს დანაშაულზე - დანაშაულზე, რომელსაც საქართველო მათ არასოდეს აპატიებს. სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ პასუხისმგებელი იმ უმძიმეს ტრაგედიაზე, რომელიც 2008 წელს დატრიალდა. გარე დავალების შესასრულებლად, მათ წამოიწყეს ომი, რომელიც 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის, 30 ათასი ადამიანის დევნილობისა და დაკარგული ტერიტორიების ფასად დაგვიჯდა!
26 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლით და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, თქვენ იღებთ გარანტიას, რომ საქართველოს ომში ჩართვას ვეღარავინ შეძლებს, ხოლო ომის დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან. დიახ, სწორედ „ქართული ოცნებაა“ ამის გარანტი, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე, წარმოუდგენელი ძალისხმევის ფასად, ქვეყანას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა! მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით დღესაც უამრავი რისკი და გამოწვევა არსებობს, პირობას გაძლევთ, რომ პირადად მე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, საქართველოში ომს და ბომბების წვიმას არაფრის ფასად არ დავუშვებთ!" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.