მშვიდობას დღეს განსაკუთრებით სჭირდება დაცვა, ისევე, როგორც დამოუკიდებლობას, რათა ერთი მხრივ, საქართველოს ომში ძალით ჩართვა ვერავინ - ვეღარასდროს შეძლოს, მეორე მხრივ კი შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და საქართველოს - ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავდეს და არა უცხო ძალების მიერ კონტროლირებადი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რეჟიმი, რომელსაც წლების განმავლობაში ჰქონდა სახელმწიფო მიტაცებული. - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ახალციხეში, პარტიის საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას.
"ფაქტობრივად, დღეს ჩართულნი ვართ არა წინასაარჩევნო კამპანიაში, არამედ ბრძოლაში მშვიდობის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციებისა და ფასეულობების დასაცავად, ამ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ასპარეზი კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია.
26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას, სამწუხაროდ, არ უწევს არჩევანი კარგსა და უკეთესს შორის; უსამშობლო, რადიკალური ოპოზიციის დამსახურებით, 26 ოქტომბერს არჩევანს ვაკეთებთ - ომსა და მშვიდობას, ფსევდო-ლიბერალურ ღირებულებებსა და ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს შორის, არჩევანს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ევროპულ მომავალსა და იმ მიუღებელ მოცემულობას შორის, რაც რადიკალურ ოპოზიციას და უცხოელ აქტორებს ევროპულობად სურთ რომ გაასაღონ.
ამიტომ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის მსგავსად, 2024 წლის არჩევნებს და მასში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს.
როგორც წლების წინ, დღესაც, თქვენ წინაშე მდგომი, პირობას გაძლევთ, რომ თქვენი მხარდაჭერის შემდეგ, „ქართული ოცნება“, მშვიდობის, კეთილდღეობის და საქართველოს ღირსეული ევროპული მომავლის ერთადერთი გარანტი, ერთხელ და სამუდამოდ, არა მხოლოდ პოლიტიკურად დაასრულებს რადიკალურ ოპოზიციას, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს, არამედ, დღის წესრიგში დადგება „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხი."- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.