"ჩვენ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს, არ ვართ ვინმეს ემოციურ ყიჟინასა და პოლიტიკურ დღის წესრიგს აყოლილი და რაღაც სადღეგრძელოები არ გვჩვევია. ჩვენი „ჰო“ არის „ჰო“ და „არა“ არის „არა“ და ამას არ ჭირდება დამატებითი ფიცი, მტკიცება რაღაცების და პოლიტიკურ ვაგხანალიაში შესვლა. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი პოლიტიკური გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენ არც იმას ვეთანხმებოდით, სიების ჩახსნის გიჟური კამპანია რომ წამოიწყეს. ყველას გადაწყვეტილებას ვცემთ პატივს, ყველას ბრძოლას ვცემთ პატივს, მაგრამ ეს ამ პარტიის ინდივიდუალური გადასაწყვეტია. ჩვენს პარტიას მამუკა ხაზარაძის წინაშე არ აქვს რაიმე ტიპის ვალდებულება აღებული, ერთადერთი ვალდებულება გვაქვს ამ ქვეყნის ისტორიული მომავლის წინაშე და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე - ამის შესახებ "გახარია - საქრთველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა. 

"მე სპეციალურად არ შევალ ასეთი ტიპის სპეკულაციაში იმიტომ, რომ ამაზე ბევრად მაღლა ვდგავართ, ამაზე ბევრად მაღალი მიზანი გვაქვს ვიდრე მამუკა ხაზარაძის დაწერილ სტატუსებს განვიხილავდეთ. არასერიოზულია ეს ყველაფერი. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა იმ მოქალაქეების წინაშე, რომლებიც თავს დაჩაგრულად გრძნობენ, ნაცემად, გაძარცვულებად. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ პარლამენტში არ შევდივართ, ესე იგი არ შევდივართ. შევედით რომელიმე პარლამენტში, კომიტეტში, დელეგაციაში? ხელფასს ვიღებთ ამ საქმიანობიდან? რა უნდათ? მთავარი მიზანი ხომ ისაა, რომ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ აქვს? პარლამენტის ლეგიტიმაციას ის არ წყვეტს ბადრი ჯაფარიძეს ან მამუკა ხაზარაძეს შეუწყდება თუ არა ლეგიტიმაცია. 5 თებერვლამდეც არალეგიტიმური იყო პარლამენტი და 5 თებერვლის შემდეგაც არალეგიტიმურია .


ამასთან, ბერდია სიჭინავას განმარტებით, გახარიას პარტიამ საპარლამენტო სია არ ჩახსნა, რადგან საკუთარ თანაგუნდელებს ენდობა და შეურაცხყოფა არ მიაყენა.

"ჩვენს პოლიტიკურ პარტიას არ უკადრებია, რომ საკუთარი გუნდის წევრებზე, სიაში 12-ს ზემოთ წევრებზე, ეთქვა, რომ ამ ადამიანებს არ ვენდობი და სიას ჩავხსნი. ჩვენ ამას არ ვაკადრებთ ჩვენს მე-13 ნომერს, მე-14 ნომერს, მე-15 ნომერს, არცერთ ნომერს არ ვაკადრებ ამას. ჩვენ ვენდობით ამ ადამიანებს, ამ ადამიანებთან ერთად ბრძოლა გვაქვს გამოვლილი. რა მესიჯი იქნებოდა სიის ჩახსნა, რომ „არ გენდობით სიაში 12-ის იქეთ ვინც ხართ და სიას ვხსნი“, რა მიდგომაა ეს, რა კოლეგიალურობაა? თეორიულად ყველაფრის ალბათობა არსებობს, მაგრამ მაშინ რა უნდა ამ ადამიანს სიაში მე-13, მე-14, მე-15 ნომრად? როგორ შეიძლება თანაგუნდელს მსგავსი შეურაცხყოფა მიაყენო, ამას არ გააკეთებს ჩვენი პარტია და ამიტომ არ ჩავხსენით სია. თუ ადამიანები საკუთარ გუნდში, მე-16 და მე-17 ნომრებს არ ენდობიან, რა ჩემი ბრალი ესაა?

რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ „ქარდს“, რომელსაც ეწერა: „49 ნაცი პარლამენტიდან გაძევებულია, დარჩენილია 89 ნაცი“, ბერდია სიჭინავა აცხადებს, რომ აღნიშნული ქარდი მხარდამჭერის გვერდზე გავრცელდა და „ბანერებზე გამოკიდება არ არის სერიოზული პოლიტიკა“


ეს[ბანერი] დაიდო ჩვენი ერთ-ერთ მხარდამჭერის გვერდზე, რომელსაც „ფანფეიჯი“ აქვს გაკეთებული. ეს იყო არაოფიციალური გვერდი. ეს ბანერი „ქართული ოცნების“ ბანერზე პასუხი იყო და ჩვენმა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა დადო. ამას რა ისტერიაც მოყვა, პარალელურ სამყაროში მგონია თავი. ორი დღეა რაღაც ტიპის ქარდს განვიხილავთ, რომელიც მხარდამჭერმა დადო. ამ ქარდის ადრესატი „ქართული ოცნება“ იყო. სერიოზულ პოლიტიკას თუ ვაკეთებთ, ბანერებზე გამოკიდება ვერ წარმომიდგენია, რომ სერიოზული პოლიტიკაა" - ნათქვამია განაცხადა ბერდია სიჭინავამ, რომლის სინქრონსაც პარტია ავრცელებს.

შეგახსენებთ, 5 თებერვალს პარლამენტმა 2024 წლის 26 ოქტომბრის  საპარლამენტპ არჩევნებში ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური გაერთიანებიდან სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრ 49 დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.

მათ შორია არ არიან "გახარია - საქართველოსთვის" წარმომადგენლები, რომლებიც ჯერჯერობით საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის მანდატს ინარჩუნებენ. 

რაზედაც ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დაწერა:  "რჩები პარლამენტში?! - ხარ ბიძინას რუსული პროექტი!"

ასევე,  ბერდია სიჭინავას გამოსვლაში, საუბარია ბანერზე რომელიც "ფეისბუკზე" "გახარია news საქართველოსთვის" გვერდზე გამოქვეყნდა.