" ბარამიძის სიტყვები ნამდვილად არანორმალური იდიოტობაა, მიუღებელი და შეურაცხმყოფელია ყველა ქართველისთვის, მაგრამ ეს პოლიტიკური განზომილების დანაშაულია და ამაზე პასუხსაც პოლიტიკურად აგებენ.
სამშობლოს ნამდვილ ღალატზე თუ გაინტერესებთ, ახლა მე სიტყვებით კი არა, ქმედებებით გამოხატულ, ღალატის აქტზე მოგიყვებით: - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.
"ცნების“ ხელისუფლება გიორგი გახარიას ასამართლებს ცხინვალის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ნარატივით - თითქოს ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმა, რომელმაც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩორჩანა მცოცავ ოკუპაციას გადაარჩინა, იყო პროვოკაციული დანაშაული, რომელმაც ომის ესკალაციის საფრთხე შექმნა. (ზუსტად იგივეს ამბობს რუსული საოკუპაციო რეჟიმი და ზუსტად იმავე პრეტენზიებს აყენებს).
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე - მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და IPRM-ის ფორმატში - აფიქსირებს, რომ გიორგი გახარიას მიმართ დევნის დაწყებით ქართული მხარე ფაქტობრივად აღიარებს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პრეტენზიების ნამდვილობას და კატეგორიულად მოითხოვს საგუშაგოს აღებას, გატანას, მათივე სიტყვებით, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან“.
პირველად ამ ქვეყნის მართლმსაჯულების ისტორიაში, საკუთარი ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, პროკურატურამ მტკიცებულებად გამოიყენა და სასამართლოში წარადგინა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საინფორმაციო სააგენტოს სტატია და პოზიციები - სააგენტოსი, რომელსაც ადგილობრივი КГБ მართავს, რომელიც არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და იყენებს ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიის“ სიმბოლიკას.
"ოცნების“ ხელისუფლება ოფიციალურ იურიდიულ საფუძვლებს აძლევს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს, ხოლო „ოცნების“ სპიკერები, ყელმოღერებულები, ჩორჩანაზე ღალატის ტექსტებს თავმომწონედ ყრანტალებენ საპარლამენტო ტრიბუნასთან.
ჰოდა, ამ ყველაფრის შემდეგ, ჩორჩანას ღალატის აქტში მონაწილე “ოცნების” ხელისუფლებავ, მზად ხართ იმ ტვირთის ასაღებად, რაც ჩორჩანას საქმით შეიძლება დაგეკისროთ?
არ ვიცი, ვინმე გონიერი დარჩა თუ არა მანდ, რომ ეს სირცხვილი მოწმინდოს საკუთარ ქვეყანას და შეაჩეროს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაზიანების პროცესი."
შეგახსენებთ, 2026 წლის 12 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრს, გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
2026 წლის 11 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი ბარამიძე დააკავა.
2026 წლის 7 აგვისტოს გიორგი ბარამიძის გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშობლოს ღალატის და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს.
ცნობისთვის, გია ბარამიძემ განაცხადა: ვთქვი, რომ რუსულ მხარეს, სეპარატისტულ მხარეს ჰყავდა ამდენი ტყვეები და ჩვენ არ გვყავდა იმიტომ, რომ ჩვენები ხვრეტდნენ - ეს არ ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული ჯარი ხვრეტს









