რადიკალური ოპოზიციის ლაპარაკი არ ნიშნავს იმას, რომ ისინი იმავეს ფიქრობენ. ბევრი მათგანი შეიძლება ვირეშმაკობდეს, როგორც წესი და საჯარო კომუნიკაციაში აყენებენ შეურაცხყოფებს, რითაც შეიძლება იქმნიან ალიბს, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„რა თქმა უნდა რთულია ივარაუდო აბსოლუტურად დაშორდნენ თუ არა სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია ერთმანეთს. მაგრამ შესაძლებელია, რომ ადამიანები, რომლებიც კოოპერაციაში იყვნენ ერთმანეთთან და ფაქტობრივად პარტნიორობდნენ, არ მინდა პრეზიდენტზე რამე ვიფიქრო, მაგრამ, ფაქტები ჯიუტია. როდესაც ერთი პარტნიორი უშვებს რაღაც მძიმე შეცდომას, ვერ მოითმინეს მათ და იერიშზე გადავიდნენ პრეზიდენტზე. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში კვლავ ზავი გამოცხადდეს იმიტომ, რომ პრეზიდენტს რაც ჰქონდა არსებული სვლა-გეზი, აწყობდა მხოლოდ რადიკალურ ოპოზიციას და ქვეყნის მტრებს. რადიკალური ოპოზიციის ლაპარაკი არ ნიშნავს იმას, რომ ისინი იმავეს ფიქრობენ. ბევრი მათგანი შეიძლება ვირეშმაკობდეს, როგორც წესი და სრულიად შესაძლებელია, რომ მათ ეს აწყობდეთ კიდეც. საჯარო კომუნიკაციაში აყენებენ შეურაცხყოფებს, რითაც შეიძლება იქმნიან ალიბს.

ის, რომ ამ თემამ რაც შეიძლება დიდხანს იტივტივოს, აწყობს მხოლოდ მავნებლებს. ოქტომბერი კანდიდატის სტატუსის მონიჭების თარიღია და რითაც შეუძლიათ, ესეც ერთ-ერთი სერიოზული ბერკეტია, რომ იხმაურონ და თქვან, რომ ამ ქვეყანაში რაღაც ხდება, რაღაც არის დაფარული და „ეფესბეს“ აგენტობაში და რუსული გავლენის აგენტობაში ეჭვმიტანილი ადამიანის შეფარება ხდება. თუმცა, ვის მიერ? „ქართული ოცნების მიერ“? ნამდვილად არა“,- აღნიშნა ოდიშარიამ.