კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მოახლოებული კატასტროფის წინაშე დგას. მათ იციან, რომ 26 ოქტომბერს ამ პოლიტიკური ძალის სრული განადგურება მოხდება, რადგან ქართველი ამომრჩეველი მზად არის, ომსა და მშვიდობას შორის არჩევანი გააკეთოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის გარე ინსტრუქტორები ყველანაირ ხერხს იყენებენ, რათა ქართველი ხალხი შეცდომაში შეიყვანონ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხმები მიიღონ.
„მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს. ამის შიშით მათი გარე მენტორები და ინსტრუქტორები ყველანაირ ხერხს იყენებენ და ცდილობენ, შექმნან რაიმე ისეთი მოზაიკა, საარჩევნო კომერციული პროდუქტი, საქონელი, რომელსაც ქართველ ხალხს შეასაღებენ. მათ „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ ყოფნა მაქსიმუმ 25-30 პროცენტს მოუტანდა. ეს მათთვის კატასტროფაა და ამიტომ გამოიგონეს ეს პარტიები – გახარია, „ლელო“, „ახალი“, „ფედერალისტები“, „ევროპული საქართველო“. კიდევ რაღაც სახელებს ირქმევენ, იმდენად სირცხვილია „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირება. დააკვირდით, ვითომდა ახალი დამოუკიდებელი პლატფორმა თავისი სახელის თქმასაც კი ერიდება. ეს ხალხი ცდილობს, ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ და ხმა მიაცემინონ საკუთარ დანაშაულებრივ ზრახვებზე. ხანდახან დგება ისეთი მომენტი, როცა ჩვენ ჩვენს წყენებზე, ფიქრებზე მაღლა უნდა დავდგეთ. ახლა არ არის დრო, ქართულმა საზოგადოებამ არჩიოს ისეთი საკითხები, რაც არ არის ეგზისტენციალური. ეგზისტენციალურია იქნება თუ არა ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა. ახლა პოლიტიკური გარჩევების დრო არ არის, დროა, თქვა – ხარ საქართველოსკენ თუ იმ ძალის მხარეს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგაა. საზოგადოება კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს და მხარი დაუჭიროს იმ ძალას, ვინც ქვეყანას მშვიდობის გარანტიას აძლევს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.