„შენ ვახტანგ გომელაური შემთხვევით ვანო მერაბიშვილში ხომ არ გეშლება, რომელმაც ორი გვამი მოითხოვა ტელეეკრანიდან და ისე, ტელეეკრანის გარეშე რას ითხოვდა და რას არა მხოლოდ ღმერთმა იცის. ვახტანგ გომელაური არის ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური მინისტრი, რომ არაფერი ვთქვათ ყველა დროის შინაგან საქმეთა მინისტრზე“, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.
მისი განცხადებით, ოპოზიცია საუბრობს იმაზე, თითქოს „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს 7000-მა პოლიციელმა დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტრო და ამას საუბრობს იმ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომლის ხელისუფლებამ 30 ათასი ღირსეული ადამიანი სისტემიდან გააგდო.
„თურმე 7000-მა პოლიციელმა დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტრო. და ამას ვინ ლაპარაკობს? ვინც ერთ დღეში 30 ათასი ღირსეული კაცი მოისროლა სისტემიდან, გააგდო. ამ ხალხმა დატოვა სისტემა. საზოგადოებას მინდა ავუხსნა, რომ ყოფილი ძალოვნები, ფიზიკურად ძლიერი ადამიანები ძალზე ფასობენ კერძო სექტორში, მითუმეტეს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და თუ ამ ხალხს მიეცა რაიმე საშუალება, რომ უკეთესი სარჩო მიიტანონ ოჯახში - რატომაც არა?!“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.