არაყს ევროპელებიც სვამენ, მაგრამ ამით პრორუსები არ ხდებიან, ისევე როგორც, არც რუსები ხდებიან პროევროპელები კოკა-კოლას დალევით - ამის შესახებ სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ბექა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს ჩვენს ზედაპირულ დამოკიდებულებას ქართულ იდენტობასთან. ქართველები, ისეთივე ევროპელები ვართ, როგორც იტალიელები, გერმანელები, პორტუგალიელები, ბულგარელები, პოლონელები და ასე შემდეგ. ეს არ არის არჩევანი. ეს ჩვენი საუკუნოვანი ისტორიული გამოცდილების შედეგია. ნებისმიერი ერის კულტურას დომინანტი რელიგია და ის ისტორიულ ეპოქები და საზოგადოებრივი ფორმაციები აყალიბებენ, რომლებსაც ერი გაივლის. როგორც საბერძნეთმა, რუმინეთმა, საფრანგეთმა და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა გაიარეს ანტიკური ხანა ბერძნულ-რომაული გავლენით, გაიარეს ფეოდალიზმი, რენესანსი, განმანათლებლობა, მოდერნი (ურბანიზაცია-ინდუსტრიალიზაცია) ზოგმა ადრე და ზოგმა მოგვიანებით, სწორედ ის გზა გავიარეთ ჩვენც, რამაც ჩვენი ცივილიზაცია ევროპული ცივილიზაციის ნაწილად აქცია. ამ ყველაფერს ადუღაბებს ქრისტიანული რელიგია, რომელიც არის ევროპული ღირებულებათა სისტემის მთავარი ქვაკუთხედის, ჰუმანიზმის ესენცია, მიუხედავად იმისა, დღეს ვინმე თეისტია, დეისტი, თუ ათეისტი. ევროპული ცივილაზაციის ფარგლებში თანაცხოვრობენ სხვადასხვა ერი სახელმწიფოები საკუთარი უნიკალური კულტურით. ამ კულტურების უნიკალურობას არა ევროკავშირი ემუქრება, თავისი უამრავი და საჭირო რეგულაციებითა და სოციალური სახელმწიფოს მოდელით, არამედ გლობალური კაპიტალიზმი, თან პოსტსაბჭოთა მახასიათებლებით, ისეთი რომელიც ჩვენ 30 წლის წინ ავირჩიეთ და დღემდე განუხრელად მივყვებით. სწორედ ამ ტიპის ეკონომიკური მოდელი იწვევს ადამიანების კულტურული, ემოციური მახასიათებლების ამოშანთვას, რადგან მას ერთგანზომილებიანი ადამიანი სჭირდება, რომელსაც მხოლოდ ერთადერთი ფუნქცია ექნება -მომხმარებლის.ევროკავშირი სარეკლამო ბრენდი არ არის, რომლის სიმულაციის საფუძველზე შენ შეძლებ უკეთესად იცხოვრო. ეს არც ევრო რემონტია, არც ყავა ლატე და არც დახეული ჯინსები. ეს სიტემაა, რომელის, შექმნის იდეა ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და საყოველთაო კეთილდღეობის დასადგურებას ემსახურებოდა ორი მსოფლიო ომის შემდეგ. სოციალური სიმშვიდე იყო მისი მთავარი მამოძრავებელი, რასაც მომავალში ევროპის კონტინეტზე შემდეგი ომი უნდა აეცილებინა თავიდან. ამიტომ დგას ის რამდენიმე მთავარ ქვაკუთხედზე - მშვიდობაზე, სოლიდარობაზე, კეთილდღეობასა და კონსენსუსზე. ამ მიზნების მიღწევა სწორედ სოციალური სახელმწიფოების თანაარსებობის საფუძველზე გახდა შესაძლებელი. ამ სახელმწიფოებმა ჯერ შექმნეს ძლიერი სოციალური სისტემები და შემდეგ გახდნენ ევროკავშირის წევრები. ევროკავშირში ყოფნა კი, მათ გლობალიზაციის ეპოქაში ამ ინსტიტუციონალური ჩარჩოს შენარჩუნებაში ეხმარება. ამიტომ, ტყუილია, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჯერ ევროკავშირის წევრი უნდა გავხდეთ და შემდეგ გვექნება მხოლოდ უკეთესი პენსია ჯანდაცვის სისტემა, განათლების სისტემა, სამართლიანი სასამართლო და ასე შემდეგ. ამიტომ ვინც ამას ამბობს ან უმეცარია, ან პრიმიტიული, მატყუარა პოპულისტი. ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ დღეს ევროკავშირის გულმხურვალე დამცველებად ისინი გვევლინებიან, რომლებიც დღენიადაგ ნეოლიბერალიზმის (ეკონომიკური ფაშიზმის), ველური კაპიტალიზმისა და თავისუფლების ინფანტილური გაგების

პროზელითიზმით არიან დაკავებული, თავისი ტელევიზიებითა და უნივერსიტეტებით. „ევროკავშირი არის ბილეთი ტიტანიკზე“ - ეს ფრაზა სწორედ მათ, კახა ბენდუქიძის ადეპტებს ეკუთვნით.კაპიტალიზმი, საუდის არაბეთშიც არის, ამერიკაშიც და ფინეთშიც. სამივე მდიდარი ქვეყანაა. მაგრამ ფინური სახელმწიფო თითოეულ მოქალაქეს იცავს კაპიტალიზმის მანკიერი გამოვლინებისგან, განსხვავებით საუდის არაბეთისა და ამერიკისა, რადგან ფინეთი ევროპულია. სამწუხაროა, რომ მხოლოდ აგენტების კანონის საწინააღმდეგოდ ვირაზმებით და არა ღირსეული პენსიისთვის, მინიმალური ხელფასისთვის, უკეთესი და ხელმისაწვდომი განათლებისა და ჯანდაცვისთვის, სამართლიანი სასამართლოსთვის. ასეთ დროს ეს პროტესტი გზააბნეული, საკუთარ მომხარებლურ პრივილეგიებს გადევნებული წვრილბურჟუაზიის აღზევებას ემსგავსება, რომელიც ევროკავშირს სასტუმრო “სტამბაში” ლანჩს უკავშირებს და ეშინია ეს ფუფუნება არ დაკარგოს. გამომდინარე აქედან, თუ ევროკავშირის წევრობა გვინდა, უპირველესყოვლისა, სწორედ იმისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი, თორემ იმ ცხოვრების ხარისხს, რასაც გაცნობიერებულად თუ გაუთვიცნობიერებლად ევროკავშირს ვუკავშირებთ, ჩვენი ბრძოლის გარეშე არავინ გვაჩუქებს, მათ შორის არც ევროკავშირი. რუსეთი ოკუპანტია. ეს კანონი არამხოლოდ სახელის გამო იყო მავნებლური, რადგან ქართული პოლიტიკის მუდმივი რიტორიკული - პროპაგანდისტული თილისმა სიტყვა „აგენტი“ კანიონის ხარისხში აჰყავდა, არამედ იყო პოლიტიკურად მოუმწიფებელი და გაუაზრებელი. მაგრამ რუსული რომ არ დაერქვათ ამ კანონისთვის, ასეთ ვნებათაღელვას არ გამოიწვევდა. ისე, ნელ-ნელა უნდა გამოვიდეთ ამ ბინარული აზროვნებიდან, როცა რაიმე რუსული არ შეიძლება იყოს დასავლური, დასავლური არ შეიძლება იყოს რუსული. არაყს ევროპელებიც სვამენ, მაგრამ ამით ისინი პრორუსები არ ხდებიან, ისევე როგორც, არც რუსები ხდებიან პროევროპელები კოკა-კოლას დალევით. გეი-აღლუმს თუ მხარს არ უჭერ ეს არ გაქცევს შენ პრორუსად და თუ ბასიანზე დადიხარ პროევროპელად. სწორედ ეს ბინარული აზროვნება ახშობს ჩვენს დიაპაზონს და უკვე 30 წელია აქცევს ქართულ პოლიტიკას აგენტების ძიების თემატიკაზე შექმნილ მდარე ხარისხის ტრაგიკომედიად. ჩვენ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვართ - ევროპული კულტურის, ჩვენი უნიკალური მახასიათებლებით. ამიტომ ვერც რამე კანონი და ვერც ევროკავშირის დროშის დაწვა ამ იდენტობას ვერ წაგვართმევს, რადგან, კიდევ ერთხელ, ეს არა ვიღაცის არჩევანი, არამედ ჩვენი ისტორიული გამოცდილების შედეგია. დროშის დაწვაც ევროკავშირის ამ დამახინჯებული აღქმისა და აღქმის კულტივირების შედეგია და არა რუსული ორიენტაციის. კიდევ ერთი - ენჯეო არ არის სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოება ის ხალხია, რომელიც უანგაროდ, ხშირად უსახსროდ იბრძვის და არა ისინი, რომელსაც 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მიღმა ტრენინგს ვერ ჩაატარებინებ ვერსად. ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება ჩვენ ვიხილეთ საქართველოში, რიონის ხეობის მცველების სახით, რომლებთაც უტიფარმა პოლიტიკოსებმა როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ოპოზიციიდან ტალახი ესროლეს, იმიტომ რომ მათი ღვთაების, კაპიტალის ინტერესებს ებრძოდნენ“- წერს ბექა ნაცვლიშვილი.