3 ქართველი მოსამართლის და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქციები წელს ქვემოთ დარტყმის მცდელობა. ჩემი აზრით ძალიან უდროო დროს მოხდა და ძალიან დაუსაბუთებლად იმისთვის, რომ ახლა მომხდარიყო. -ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა გადაცემაში "ღამის კურიერი" განაცხადა.
"ზუსტად იმიტომ, რომ სასამართლოს ნაწილში კიდევ გვაქვს ნაბიჯები გადასადგმელი 12 რეკომენდაციის ფარგლებში, ზუსტად ამიტომ იყო ეს სანქციები წელს ქვემოთ დარტყმის მცდელობა. ჩემი აზრით ძალიან უდროო დროს მოხდა და ძალიან დაუსაბუთებლად იმისთვის, რომ ახლა მომხდარიყო.
ამიტომ, რა თქმა უნდა ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ, იმ რეკომენდაციებში სწორედ სისტემის გაჯანსაღებისკენ მიმართული რეფორმებია ნაგულისხმევი და არა ასე ზოგადი სანქციები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მსგავსი არამეგობრული ჟესტი არ განმეორდეს და წინასწარ იყოს ეს საკითხები გავლილი. სწორი ასეა და მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ. იმიტომ, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების და კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, როდესაც ასე კორუფციასთან არიან კავშირში და ამიტომ ვასანქცირებ, ეს ნამდვილად წელს ქვემოთ დარტყმაა," - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, 19 აპრილის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია კვლავ არ გაიარეს; შედეგად, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კვროუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა ისევ არ შედგა.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, უმრავლესობის დეპუტატებმა კვლავ გამოხატეს მხარდაჭერა სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ და გამოუცხადეს სოლიდარობა ქართველ მოსამართლეებს.
„ეს იყო სოლიდარობის კიდევ ერთი აქტი და კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ „ნაცმოძრაობამ“ არ შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოს საკითხებზე. ეს არის პრინციპულად მიუღებელი ჩვენთვის, სასამართლო აუცილებლად დარჩება დამოუკიდებელი. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ეს მიღწევა რამე ფორმით დაჩრდილოს “,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
დადგენილების პროექტი სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი.
ცნობისთვის, ლევან მურუსიძე (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ), მიხეილ ჩინძალაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, 2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ) ირაკლი შენგელია (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე) და ვალერი ცერცვაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ყოფილი თავმჯდომარე 2007-2017 ) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.
ენტონი ბლინკენმა განაცხადა: ამერიკაში შესვლა აეკრძალათ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კი აცხადებს: ჩინჩალაძის, მურუსიძის, ცერცვაძის და შენგელიას სანქცირების გადაწყვეტილება გამოხატავს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ