„ევროკავშირი არის ჩვენი იდენტობის გადარჩენის და ამ ქვეყნის განვითარების უალტერნატივო გზა, სხვა გზა უბრალოდ ამ ქვეყანას არ გააჩნია“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობებში ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული საქართველოსგანაც, როდესაც არასაკმარისი დემოკრატია გვქონდა იმისთვის, რომ ევროპაში ინტეგრაცია დაგვემსახურებინა თუმცა, ასევე ბევრი შეცდომა იყო ევროკავშირის მხრიდანაც.
„1921 წელს, როდესაც საბჭოთა რუსეთს შეგვატოვეს გეოპოლიტიკური გადანაწილებისას, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის დასჯის ნაცვლად, რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას მიემხრნენ. ცოტა ხნის წინ, სრულიად უსაფუძვლოდ, კანდიდატის სტატუსზე გვითხრეს უარი და ჩვენი ორი მეგობარი ქვეყნისგან განსხვავებით გადაგვივადეს. ახლაც უსამართლობაა, როდესაც ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის უსაფუძვლო გათავისუფლებასა და ევროპერსპექტივას შორის ტოლობის ნიშანი ისმევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაიმე სხვა ალტერნატივა გაგვაჩნია. მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონპროექტის განხილვისას მოვუსმინოთ ჩვენს მოქალაქეებსაც და ის სიტყვათა წყობა, რასაც ჰქვია უცხო ძალის გავლენის აგენტი - რომელთა დაკავშირებით პრობლემა აქვს ევროკავშირსაც, პრობლემა აქვს ამ სექტორში დასაქმებულ ათასობით კეთილსინდისიერ მოქალაქესაც, რადგან კონოტაცია აღქმაში იქნა უარყოფითად მიღებული, ამიტომ როდესაც იქნება შინაარსის განხილვა არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ შევძლოთ იმგვარი კონსენსუსის მიღწევა, რომელიც ფორმულირებაში მისაღები იქნება ევროკავშირისთვის და ჩვენი მოქალაქისთვისაც, რომლებიც კეთილსინდისიერად მუშაობენ თავისი ქვეყნის განვითარებისთვის“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.