„როდესაც გამოდის ადამიანი [მამუკა ხაზარაძე] და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვში და რეპრესიულ ელფერს აყოლებს ამ თავის განცხადებებს, სამართალი სად არის - ერთის მხრივ არის ადამიანი, რომლის ბანკის ვალიც აქვს ნახევარ საქართველოს, ასოცირდება მასთან ეს ვალი და მეორეს მხრივ არის ადამიანი, რომელსაც სამი მილიარდი აქვს ამ ქვეყანაში ქველმოქმედებაში დახარჯული - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისი თქმით, ის, ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრდა, გადასახლებით ემუქრება მას, ვინც ამ ქვეყანას ფული ქველმოქმედების სახით დაახარჯა - არ გამოვა ამ საქმიდან არაფერი მისთვის სასიკეთო.
როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ იქნება იქ, სადაც არის და სადაც მოისურვებს, რომ იყოს ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ხოლო მამუკა ხაზარაძე იქნება იქ, სადაც მისი ადგილია - პროცენტებში, ციფრების არევასა და ჟონგლიორობაში.
„მამუკა ხაზარაძე გამოდის და ამტკიცებს რომ მას აქვს 6%, ამ 6%-ით მოდის ხელისუფლებაში და აპირებს რეპრესიების გატარებას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის მიმართ. მოირგო პროკურორის როლი. მამუკა ხაზარაძე პროცენტზე რატომ საუბრობს, ასოციაციები საერთოდ სხვაგან მიდის, ყველას მამუკა ხაზარაძის პროცენტიანი ვალი აქვს თითქმის ამ ქვეყანაში. როცა ის პროცენტს ამბობს, ავტომატურად ყველას თავისი ვალები ახსენდება. ვურჩევდი, ეს სიტყვა გააქროს თავისი ლექსიკონიდან, ვურჩევდი, კვირებს ნუ ითვლის, იმიტომ, რომ ამ კვირების ბოლოში რომ გავა, გარდაუვალი კრახის წინაშე დადგება. ვინ სად წავა და როგორ წავა, ამას ის ვერ განსაზღვრავს საბედნიეროდ ამ ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ იქნება იქ, სადაც არის და სადაც მოისურვებს, რომ იყოს ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ხოლო მამუკა ხაზარაძე იქნება იქ, სადაც მისი ადგილია - პროცენტებში, ციფრების არევასა და ჟონგლიორობაში. როგორც ჩანს, ეს ბანკიდან აქვს გამოყოლილი, რომ ციფრებით უნდა იჟონგლიოროს“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.