ბადრი ჯაფარიძე: ადგილობრივ არჩევნებზე ათჯერ მეტ დამკვირვებელს ველოდებით, ისინი ვაქცინირებულები იქნებიან

1619019687
ადგილობრივ არჩევნებზე ათჯერ მეტ დამკვირვებელს ველოდებით, ისინი ვაქცინირებულები იქნებიან, - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიშელის დოკუმეტს ევროპარლამენტარების მხრიდან უპირობო მხარდაჭერა აქვს და ისინი გააგრძელებენ ჩართულობას მისი შესრულების მონიტორინგის პროცესში.
"ევროპარლამენტარების მხრიდან უპირობო მხარდაჭერაა იმ დოკუმენტისადმი, რომელიც შარლ მიშელის პატრონაჟით შემუშავდა. არა მხოლოდ მხარდაჭერა, არამედ ევროპარლამენტარები მზად არიან გააგრძელონ ჩართულობა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგში. შექმნან სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ექნება სრული ინფორმაცია, სრულდება თუ არა ამ ხელშეკრულებით ნაკისრი პირობა "ქართული ოცნების" მხრიდან.
მათი ჩართულობა ადგილობრივ არჩევნებში იქნება უპრეცენდენტო. მათ ესმით, რომ ის არ იქნება რიგითი ადგილობრივი არჩევნები და ის უნდა ჩატარდეს განახლებული საარჩევნო კანონმდებლობით და განახლებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ათჯერ მეტი დამკვირვებელი უნდა იყოს აქ, ვიდრე გასული წლის 31 ოქტომბერს. საბედნიეროდ ევროკავშირში ვაქცინაცია სწრაფად მიმდინარეობს და სექტემბერში უმრავლესობა იქნება ვაქცინირებული, შესაბამისად მათ გაუჩნდება შესაძლებლობა, რომ იმოგზაურონ საქართველოში. დიახ, ვაქცინირებულ დამკვირვებლებს ველოდებით", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ, რომელიც ბრიუსელში შეხვედრებს მართავს.