პროევროპული ძალები ყველა შემთხვევაში, იმას რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, შეაფასებს ერთნაირად, მიუხედავად იმისა, როგორ არის გაყოფილი მანდატები, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

„ცხადია, „ქართული ოცნების" რიტორიკა ემსახურება ერთ მიზანს, რაც შეიძლება მეტი დაბნეულობა შეიტანოს ჩვენს მოქალაქეებში, ვითომც ამ არჩევნების შემდეგ, რამე შეიცვლებოდა ევროპარლამენტში და უცებ აღმოჩნდებოდა, რომ იქ არიან პრორუსული ძალები წარმოდგენილნი. პროევროპული ძალები ყველა შემთხვევაში, იმას რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, შეაფასებს ერთნაირად, მიუხედავად იმისა, როგორ არის გაყოფილი მანდატები სოციალისტურ ფრაქციას შორის, ან სახალხო პარტიას შორის, ეს არ მოქმედებს ევროპული შეფასებაზე იმ უმსგავსობაზე, რასაც სჩადის „ქართული ოცნება". რა თქმა უნდა, ევროპარლამენტი გააგრძელებს იმდაგვარად შეაფასოს „ქართული ოცნების“ ანტიევროპული და ანტიეროვნული ნაბიჯები ახალი შემადგენლობითაც",- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, ევროპული სააგენტოები ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების წინასწარ მონაცემებს აქვეყნებენ. ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, მემარჯვენე ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია რჩება უდიდეს პოლიტიკურ ძალად და აძლიერებს თავის პოზიციას. ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობაში მას 720-იდან 184 ადგილი ექნება, 8-ით მეტი, ვიდრე 2019 წლის ევროპარლამენტში ჰქონდა.