კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე "ლელოდან" ორი წევრის წასვლას გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ეს "სუს-ის მორიგი მეთოდია".

„არ ვიცნობ კოჩალიძეს, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის, პირველად მესმის თქვენგან. "ლელოს" წევრი არ ყოფილა. არანაირი დაპირისპირება - ეს არის სუს-ის მორიგი მეთოდი, რომ ასეთი ადამიანები, რომლებიც არჩევნების წინ, შემთხვევით შემოდიან მხარდამჭერად, მერე განცხადებებს აკეთებენ - ეს არასერიოზულია. ასეთი წევრი და სახე ჩვენ არ გვყოლია არასდროს," - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის 21-ე ნომერი, მერაბ ქურიძე პარტიიდან წავიდა. მანამდე "ლელო" დატოვა აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის ყოფილმა წევრმა, სულხან კოჩალიძემაც.