ვანო მერაბიშვილი ისეთ ნაფიქრ ტყუილებს იძახის, მგონი მართლა შემოგზავნილია - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მე მგონი, მართლა შემოგზავნილია, ისეთ განცხადებებს აკეთებს. გუშინ რაც თქვა იმასთან დაკავშირებით, თურმე პარტია ხმას არ იღებდა უკრაინაში არსებულ ტრაგედიაზე, არაფერში აღარ ჯდება. რას ნიშნავს? რამდენჯერ ვიყავით ჩასული, განცხადებებს რომ თავი დავანებოთ, როგორ არ რცხვენია, ასეთ ტყუილებს რომ იძახის. ახალ მენეჯმენტს მივმართავ, თვითონ ისაუბრონ, მე კარგი, მხარე ვარ, გავიგე, ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება მაქვს მერაბიშვილთან მიმართებაში, თვითონ ისაუბრონ. იმდენად დამაზიანებელია საერთო საქმეში, იმდენად დაუფიქრებელ თუ შეგნებულად, ასეთ ნაფიქრ ტყუილებს იძახის, ზოგადად ძალიან ცუდი როლი აქვს ამ პროცესებში“, – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, ერთ-ერთ უკრაინულ არხთან ინტერვიუში განაცხადა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩატარდა რიგგარეშე შიდა არჩევნები, რადგან ჩვენი პარტიის ყოფილი ხელმძღვანელობა, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან პასიურად იქცეოდა, პრაქტიკულად, არ რეაგირებდა არც უკრაინაში ომზე, არაფერზე. პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ წააგო არჩევნებში. ყველაფერი ძალიან შეიცვალა. მთელ საქართველოში ახლა ტარდება მრავალი აქცია. პარტია აღდგენის გზაზეა, რადგან მრავალი წლის განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ცდილობდნენ, არათუ არ გაემართათ საპროტესტო აქციები, ზოგჯერ ისინი ცდილობდნენ, სპონტანურად დაწყებული მიტინგები არ განევითარებინათ“.