იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ დადასტურდა სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური პარტიები 2012 წლამდე მოქმედი რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს არც დღეს ემიჯნებიან.
გორდულაძის თქმით, არცერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ არ ისარგებლა შესაძლებლობით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მაინც გამიჯვნოდა ადამიანის წამების, ძალადობის, რეკეტისა და პირადი ცხოვრების გათელვის დანაშაულებს.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე კვირას გამართულმა საჯარო სხდომებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობა. მოპასუხე პარტიების მიერ სასამართლოში დაფიქსირებულმა პოზიციებმა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა მათი არაკონსტიტუციურობა და გაამყარა ჩვენი პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად ამ პარტიების აკრძალვა ერთადერთი გზაა. სასამართლოში გამართული საჯარო სხდომებით დადასტურდა ჩვენი სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური პარტიები დღესაც არ ემიჯნებიან 2012 წლამდე მოქმედი რეჟიმის მიერ ადამიანის სისტემური და სისტემატური წამების, ძალადობის, რეკეტის, პირადი ცხოვრების ფეხქვეშ გათელვის დანაშაულებს. არცერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ არ ისარგებლა შესაძლებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მაინც გამიჯვნოდა ამ დანაშაულებს.
უფრო მეტიც, კოლექტიურ ნაცმოძრაობაში გაერთიანებულმა ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ სასამართლოს სხდომაზე კიდევ ერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ 2012 წლამდე საქართველოში მოქმედი რეჟიმი საუკეთესო ხელისუფლება იყო საქართველოს ისტორიაში და ეამაყება კიდეც იმ რეჟიმის მთავრობის შემადგენლობაში ყოფნა.”- განაცხადა გორდულაძემ.








