პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე კვირას გამართულმა საჯარო სხდომებმა, "ქართული ოცნების" კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მისივე თქმით, მოპასუხე პარტიების მიერ სასამართლოში დაფიქსირებულმა პოზიციებმა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა მათი არაკონსტიტუციურობა.
ამის შესახებ გორდულაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე კვირას გამართულმა საჯარო სხდომებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობა. მოპასუხე პარტიების მიერ სასამართლოში დაფიქსირებულმა პოზიციებმა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა მათი არაკონსტიტუციურობა და გაამყარა ჩვენი პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად ამ პარტიების აკრძალვა ერთადერთი გზაა.
სასამართლოში გამართული საჯარო სხდომებით:
1) დადასტურდა ჩვენი სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური პარტიები დღესაც არ ემიჯნებიან 2012 წლამდე მოქმედი რეჟიმის მიერ ადამიანის სისტემური და სისტემატური წამების, ძალადობის, რეკეტის, პირადი ცხოვრების ფეხქვეშ გათელვის დანაშაულებს. არცერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ არ ისარგებლა შესაძლებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მაინც გამიჯვნოდა ამ დანაშაულებს.
უფრო მეტიც, კოლექტიურ ნაცმოძრაობაში გაერთიანებულმა ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ სასამართლოს სხდომაზე კიდევ ერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ 2012 წლამდე საქართველოში მოქმედი რეჟიმი საუკეთესო ხელისუფლება იყო საქართველოს ისტორიაში და ეამაყება კიდეც იმ რეჟიმის მთავრობის შემადგენლობაში ყოფნა.
2) დადასტურდა ჩვენი სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური პარტიებისთვის ადამიანის უფლებებს არავითარი ღირებულება არ აქვს.
რაც, მათ შორის, დადასტურდა იმით, რომ სასამართლოში მიმდინარე საჯარო სხდომაზე ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაკითხულ იმ პირთა ჩვენებებს, რომლებიც 2012 წლამდე ნაც. რეჟიმის მიერ სისტემური და სისტემატური წამების, დატერორების, ძალადობისა და რეკეტის მსხვერპლნი იყვნენ, კომიკური უწოდა, რაც ყოვლად აღმაშფოთებელია.
3) დადასტურდა ჩვენი სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური პარტიები დღესაც არათუ არ ემიჯნებიან ძალადობრივი აქციების დროს ჩადენილ ძალადობას, არამედ მხარს უჭერენ მას. არცერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ არ ისარგებლა შესაძლებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მაინც გამიჯვნოდა ამ ძალადობებს.
უფრო მეტიც, სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ ძალადობრივი აქციების დროს საქართველოს პარლამენტის შენობისთვის მოლოტოვის კოქტეილების მსროლელ და პარლამენტის შენობის დაწვის, პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობის ჩამდენ პირებს, ასევე 4 ოქტომბრის ძალადობის ჩამდენ პირებს „უკანონო პატიმრები“ უწოდა.
აღნიშნული განსაკუთრებით გამაოგნებელია იმის ფონზე, რომ 4 ოქტომბრის ძალადობის ჩამდენმა პირებმა სულ ცოტა ხნის წინ თავად აღიარეს ძალადობრივი დანაშაულების ჩადენა. - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.








