"სამწუხაროდ, შეჩვეულები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ისმის უსამართლო ბრალდებები სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დანიაში განვითარებულ მოვლენებს.
არჩილ გორდულაძე ორამგ სტანდარტებზე ამახვილებს ყურადღებას.
"დანიაში სამართალდამცავებმა გამოიყენეს სხვადასხვა სპეციალური საშუალება, ხელკეტები და ძაღლები, იმისთვის, რომ დემონსტრანტების პოზიცია დაეხშოთ. ხოლო ჩვენს ქვეყანაში, როდესაც საათების განმავლობაში ცდილობდნენ, ცოცხლად დაეწვათ სამართალდამცავები, შენობა-ნაგებობები, გაენადგურებინათ სახელმწიფო და კერძო საკუთრება და გადატრიალება მოეხდინათ, ამაზე ლეგიტიმური საპასუხო ღონისძიებები განახორციელა სამართალდამცავმა ორგანოებმა, თან - გაცილებით მაღალი სტანდარტით, ვიდრე ეს არის ევროპული და ამერიკული, ამაზე ჩვენ ვისმენთ შემოტევას, არათუ კრიტიკას, პირდაპირ თავდასხმას ქართველ სამართალდამცავებზე, ქართულ სახელმწიფოზე. ეს კიდევ ერთი მაგალითია პოლიტიკური ანგაჟირებისა", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
13 მაისს, დანიის პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ გადამეტებული ძალა გამოიყენა, 20-მდე მოქალაქე დააკავა, ათეულობით კი დაშავდა. ადგილობრივი მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, ხელკეტებითა და გაწვრთნილი ძაღლებით, როგორ გაუსწორდა პოლიცია აქტივისტებს, მათ შორის, პრესის წარმომადგენლებს. ამ დროს, დემონსტრანტები დანიის ხელისუფლების მხრიდან, ისრაელისთვის იარაღის გადაზიდვაში დახმარებას აპროტესტებდნენ.










