არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდება. შესაბამისი ცვლილებები – „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე წარედგინა.

კანონპროექტის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღის, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, არაუმეტეს ხუთი საარჩევნო უბნის გამოვლენისა და კენჭისყრის შედეგების ხელახალი გადათვლის ვალდებულება აღარ ექნებათ.

ცვლილებებით, მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და მერების არჩევნების საბოლოო შედეგებს, საოლქო კომისიების ნაცვლად, ცესკო შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმსაც თავად გამოსცემს.

პროექტით კონკრეტდება, რომ ახალარჩეული საკრებულოს, საკრებულოს წევრების, მერების უფლებამოსილებების დაწყების ვადა არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან, მე-14 დღის ნაცვლად, მე-9 დღე იქნება.

კანონპროექტით გათვალისწინებულია არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით გამოყენებული სახსრების თაობაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ანგარიშის წარდგენის ვადის საკითხებიც. ცვლილებებით, სუბიექტი, რომელიც წინასწარი მონაცემებით არჩევნებში კანონით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობას მიიღებს, აღნიშნულ ანგარიშს წარადგენს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-5 დღის ნაცვლად, მე-12 დღისა.