"ჩვენ არ ვემზადებით ომისთვის და ძალიან ძვირად დაგვიჯდება ეს. არასოდეს ყოფილა ასე ცხადი, თუ რას ნიშნავს: მშვიდობა თუ გინდა, ომისთვის ემზადეო!
უფრო დაწვრილებით:
საქართველოს არასოდეს ჰქონია ასეთი შანსი, რომ უსაფრთხოების გაძლიერებისათვის უპრეცედენტო საერთაშორისო დახმარება მიიღოს. ეს შეეხება როგორც საექსპერტო დახმარებას ჩვენი ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზებისათვის, ასევე - დახმარებას წვრთნებში, შეიარაღებით, და - რაც ასევე უმნიშვნელოვანესია - ეფექტური სტრატეგიული მხარდაჭერის დემონსტრირებით პარტნიორების მხრიდან." - ამის შესახებ პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელში წერს.

"უნდა გვესმოდეს: ჩვენს მშვიდობასა და განვითარებას მხოლოდ ამ ღონისძიებათა კომპლექსი უზრუნველყოფს და ეს ყველაფერი დღეს შესაძლებელია!

ჩვენ უკრაინამ, თავისი თავგანწირული ბრძოლით, მოგვცა დრო, რომელსაც ვანიავებთ! თითოეული დაგვიანებული და არგადადგმული ნაბიჯი ამ გზაზე არის ერის პირდაპირი ღალატი!
მთელი პასუხისმგებლობა ქვეყნის ხვალინდელ ბედზე დღევანდელი ხელისუფლების ხელშია. ანუ, მეტად არასაიმედო ხელში!

ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, ვითმინოთ იდიოტები და მოღალატეები ხელისუფლებაში. და ჩვენ არ გვაქვს უფრო მნიშვნელოვანი თემა დღეს, თუ არა - საყოველთაო მობილიზება და სიტუაციის სასწრაფო და რადიკალური შეცვლა!
ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა სამოქალაქო ორგანიზაცია, ვისაც ელემენტარული გონიერება და პასუხისმგებლობა შერჩენია, ამ მიზანზე უნდა იყოს ორიენტირებული!
ვთხოვ ყველას, საზოგადოებას, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, ყველას - სხვა მტკივნეულ საკითხებთან ერთად, ნუ ივიწყებთ ამ თემას! თავდაცვისა და უსაფრთხოების სფერო უმჭიდროესი დაკვირვების ქვეშ უნდა გვქონდეს. უნდა ყოველდღიურად ვხედავდეთ და ვგრძნობდეთ, რომ უსაფრთხოების გაძლიერებისათვის მუშაობა შეუჩერებლად მიმდინარეობს!
საქართველო უპირველეს ყოვლისა!"- წერს ანდრო ბარნოვი "ფეისბუქში".