საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად შესაძლო გამოცხადების თემაზე ხელისუფლების მხრიდან შემოთავაზება იყო, თუმცა ფორმულირება დაზუსტებული არ არის.
„ხელისუფლების მხრიდან იყო მსგავსი შემოთავაზება. აქ ჩვენ შინაარსზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ხელისუფლება ეროვნული ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვის მკაფიო ხაზს, მშვიდობის პოლიტიკას ატარებს და ეკლესიისათვის ძალიან ბევრ რამეს აკეთებს. ამდენად, ეს შემოთავაზებაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომ ხელისუფლებას აქვს სურვილი, ეკლესიის როლი და სტატუსი იყოს კიდევ უფრო გამყარებული, ფასეულობების, ტრადიციებისა და ქრისტიანული ღირებულებების დაცვას კიდევ უფრო შეეწყოს ხელი. სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე ფორმულირებას რაც შეეხება, ეს არ არის ყველაზე უფრო მთავარი და პრინციპული, არც ასე მკაცრად არ დგას საკითხი. მთავარი თემა აქ არის, რომ რაიმე ფორმულირება მოიძებნოს, რომელიც ხელს შეუწყობს იმ საკითხებს, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. საპატრიარქო ახლა მსჯელობს ამ თემაზე. ორშაბათს იყო შეხვედრა მღვდელმთავრების, ყველა მღვდელმთავარმა ვერ მოახერხა მოსვლა, რადგან სპონტანურად დაიგეგმა შეხვედრა, ამიტომ ნაწილი მღვდელმთავრებისა შეიკრიბება ხვალ და ფორმულირებაზე იმსჯელებენ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, შემოთავაზება ძალიან კეთილგანწყობილია, ხოლო ფორმულირების დაზუსტებას გარკვეული დრო დასჭირდება.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, საკითხი არ დგას კატეგორიულად, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს რომელიმე ფორმულირება. ჩვენ შემოგვთავაზეს და შეიძლება, ეს შემოთავაზება ითარგმნოს შემდეგნაირად: რა უნდა გაკეთდეს, რათა ეკლესიის სტატუსი, როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში კიდევ უფრო გამყარდეს და ეფექტური იყოს? არსებობს შემოთავაზება, რომელიც მსჯელობის შემდეგ უნდა ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.