საქართველომ ბოლო დროს, 2014 წლიდან მხარი დაუჭირა 235 საერთაშორისო გადაწყვეტილებას და განცხადებას უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამ გამოიწვია მოცემულობა, როდესაც რაღაც გაურკვევლობა გაჩნდა უკრაინა-საქართველოს შორის ურთიერთობებში, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ორ სახელმწიფოს შორის ისეთი ურთიერთობები, როგორიც არის სტრატეგიული ურთიერთობები, ახალ ფაზას გადის და ეს არის გამოცდა. „ჩვენ გვყავს საერთო მტერი, რუსეთის ფედერაცია და იმედი გვქონდა, საქართველო იმოქმედებდა ჩვენთან უნისონში და კოორდინაციაში, საერთო სისტემაში, ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან და ასევე, ნატო-ს ქვეყნებთან ერთად უნისონში. ცალკე მინდა, გიპასუხოთ რაღაც ცალკეულ კომენტარებზე, რომელიც ახლა მედიასივრცეში და განცხადებებში ჟღერს, თითქოს უკრაინა ცდილობს, საქართველო კონფლიქტში ჩაითრიოს, ან მეორე ფრონტი გახსნას. მინდა, პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ეს არასდროს არ ყოფილა. უკრაინა საქართველოს ჩათრევას არასდროს არ ცდილობდა და არ ვცდილობდით მეორე ფრონტის გახსნას“, – განაცხადა კასიანოვმა. კასიანოვმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო-უკრაინის საერთო მტერზე და შემდეგ, ორი ქვეყანა შეძლებს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას. მე დარწმუნებული ვარ, უკრაინა გაიმარჯვებს, მტერი დამარცხდება და მას შემდეგ, რაც გავიმარჯვებთ, ჩვენ შევძლებთ, დავინახოთ, როგორ უნდა შევავსოთ და განვამტკიცოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა“, – განაცხადა კასიანოვმა. გიორგი გვიმრაძემ კითხვა დაუსვა, რამდენად წარმოადგენს ალექსეი დანილოვის და ალექსეი არესტოვიჩის პოზიცია მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკის პოზიციას, როცა მაგალითად, უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, დანილოვმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, თუ რუსეთს კიდევ სხვაგან ექნებოდა პრობლემა, მათ შორის, საქართველოში, ხოლო პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველმა, არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოში სხვა ხელისუფლების არსებობის, სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში საქართველო უკვე იქნებოდა ომში ჩართული. კითხვის პასუხად კასიანოვმა აღნიშნა, რომ ოფიციალური განცხადებით შეუძლია, გამოვიდეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და მას არ მოუსმენია, რომ რომელიმე ამ პირს ასეთი განცხადებები გაეკეთებინა.