4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმება ითხოვეს. ეს მოთხოვნა მათ სააპელაციო სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე დააყენეს.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ზოდელავამ და ბერიძემ ჩადენილი დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე კი საზოგადოებას ეცნობება.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს რას იზამს და რა შესაძლებლობას გამოიყენებს. მისი თქმით, ვისაც საპროცესო შეთანხმების გამოყენება უნდა ყველამ უნდა გამოიყენოს.
"ნებისმიერის გადასაწყვეტია რას იზამს და რა შესაძლებლობას გამოიყენებს. ეს არის ტაქტიკა, რომელიც უნდა გამოიყენონ აუცილებლად და ყველას მოვუწოდებ, თუ ამის შესაძლებლობა აქვთ, ვისაც უნდა, რომ გამოიყენოს საპროცესო შეთანხმება, გამოიყენოს. იმიტომ, რომ საპროცესო შეთანხმების შედეგად ეს ადამიანები იქნებიან გარეთ და ჩვენ ამ ბრძოლაში გარეთ უფრო გვჭირდება ადამიანები, ვიდრე ციხეში. 4 ოქტომბრის დღე იყო წინააღმდეგობის და ერთიანობის დღე. ეს ადამიანები არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები", - განაცხადა ანა წითლიძემ.
მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე მსჯვარდებულები არიან სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე და მათ 7-7 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი.








