2021 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო ნიკა მელია, მთავარი იდეოლოგი იყო ნიკა გვარამია და ბევრ რაღაცას მე, ანა წითლიძე და ჩემნაირი კიდევ ძალიან ბევრი, ტელევიზიით ვიგებდით - ვის საყვედურობს მელია, 2021-ში თუ გაიგო, რომ სააკაშვილი შეკრული იყო „ქოცებთან“, რამ მოათმენინა, რომ ეს არ თქვა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც „ახალის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა.

„რაც დაწერა გარიგებასთან დაკავშირებით, მე ახლა მაინტერესებს: იმ წლებში, რა წლებსაც ნიკა მელია ასახელებს, მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ვინ იყვნენ, ხომ ვერ მეტყვით პარტიაში? - ნიკა მელია, პარტიის თავმჯდომარე, "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი იდეოლოგი და ხელმძღვანელი ამ ყველაფრის იყო ნიკა გვარამია, მათ შორის და ბევრ რაღაცას მე, ანა წითლიძე და ჩემნაირი კიდევ ძალიან ბევრი, საერთოდ ტელევიზიით ვიგებდით, ძალიან დიდი ბოდიში და ვის აკისრებს პასუხისმგებლობას? ანუ, 2021-ში ესენი მთავარი ტიპები იყვნენ "ნაციონალურ მოძრაობაში", მთავარ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, მთავარი ინფორმაციები მათ ჰქონდათ და ჩვენ ვიგებდით მერე ამ ინფორმაციებს. ვის საყვედურობს მელია, 21-ში თუ გაიგო, რომ სააკაშვილი შეკრული იყო ქოცებთან, რამ მოათმენინა, რომ ეს არ თქვა. რამ მოათმენინა, რა შუაშია აქ, რომ მიშა ციხეში იჯდა - ამის მერე, სანამ არ გააგდეს, როგორც თვითონ ამბობს, ჩუმად იყო?", - განაცხადა ანა წითლიძემ "ტვ პირველის" ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 27 მაისს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს: „მელიას შეცდომა ის იყო, რომ გუშინდელ აქციაზე უფრო მრავალრიცხოვანი ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა, არადა, თბილისში არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო ჩემი გათავისუფლების გარეშე“.

მოგვიანებით კი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც წერია: „სააკაშვილისთვის ტყუილი და უტიფრობა პროზაულია, ამის გარეშე ის აღარ არსებობს, თუმცა, მაინც, იქნებ სიმართლის თქმის ძალა მოიკრიბოს და თავად ალაპარაკდეს მის მიერ დაშვებულ უმძიმეს შეცდომებზე და ადამიანურ სისუსტეებზე, რაც მთელი 2022 წლის განმავლობაში დაუშვა და გამოავლინა. როცა შეცდომებსა და ადამიანურ სისუსტეს ვახსენებ, რეალურად მის მიერ გადადგმულ უმძიმეს მორალურ და პოლიტიკურ ნაბიჯებს ვგულისხმობ. ისიც მოჰყვეს, იმ კაცს, რომელსაც არ ასახელებს, მთელი 2022 წლის განმავლობაშიც რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა. რატომ იყო „ის კაცი“ მისი მოციქული ხელისუფლებასთან 2022 წელს?! ანუ მისი „ვივამედში“ ყოფნის დროსაც! ამ კაცის მეშვეობით რა გარიგება დაიდო ხელისუფლებასთან და 2022 წლის ბოლოს რაში გადააგდეს სააკაშვილი!“.