ვაპირებთ, განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზება, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა დოლიძემ ოპოზიციის გეგმაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს იქნება საუბარი იმ გეგმაზე, მოკლევადიან პერიოდში რომლითაც ვაპირებთ, განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

დოლიძის განცხადებით, დღეს, 20:00 საათზე ოპოზიცია საზოგადოებას არჩევნების გაყალბების შესახებ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამასთან, როგორც დოლიძემ აღნიშნა, ოპოზიცია საზოგადოებას ეტყვის იმ გეგმის შესახებაც, რა ქმედებების განხორციელებას ფიქრობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

„მტკიცებულებების მოგროვების პროცესი დასრულდა. ჩვენ ახლა რამდენიმე სქემის სურათი გვაქვს. დღეს საღამოს 20:00 საათზე ოპოზიცია განუცხადებს საზოგადოებას, რა არის მოპოვებული, მაგრამ გარდა ამისა, განუცხადებს გეგმას, უმოკლეს ვადებში რა ქმედებების განხორციელებას ფიქრობს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ჩვენ გვიხარია, რომ ამ საკითხში ჩვენი თანამოაზრე არის საქართველოს პრეზიდენტი და რაც მთავარია, ამ წინააღმდეგობის გეგმის დამკვეთი პირველ რიგში, ქართველი ხალხია, რომლის ნება მიტაცებულია“, – განაცხადა დოლიძემ.