რატომ აძლევს ხელისუფლება პატიმარს უფლებას, სისხლის სამართლის პროცესზე ჩაატაროს პოლიტიკური თათბირები და მართოს სამარცხვინოდ ქცეული თავისი პარტია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე "ვივამედ"-იდან ჩართვისას გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნა შესთავაზა.

„სააკაშვილის მოწოდებები ოპოზიციის მისამართით, ჩემთვის პირადად არასერიოზული და კომიკურია, თავის სამარცხვინოდ ქცეულ პარტიას მიხედოს, ალბათ, ეს აჯობებდა. მე მაქვს ორი მნიშვნელოვანი პრეტენზია ხელისუფლებასთან. პირველი - უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ადამიანს, რომელმაც საკუთარი ნებით დათმო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა, რატომ აღებინებს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას, რაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით. მეორე - რატომ აძლევს პატიმარს უფლებას სისხლის სამართლის პროცესზე ჩაატაროს პოლიტიკური თათბირები და მართოს, ჩემთვის სამარცხვინოდ ქცეული პოლიტიკური პარტია, იმის ნაცვლად, რომ განიხილებოდეს უმძიმესი 2007 წლის 7 ნოემბრის საქმე“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.