მონაწილეობას არ მივიღებთ იმ ფორმატში, სადაც სააკაშვილის გათავისუფლებას ჩვენი ქვეყნის მომავალს უკავშირებენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ბუჩუკურს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნას გულისხმობს.
„პრეზიდენტის მხრიდან მოულოდნელად გაცხადებული ფორმატი ჩვენთვის მიუღებელია. ამ ფორმატში მონაწილეობას ის პარტიები იღებენ, რომლებიც ქვეყნის ევროპულ მომავალს და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უკავშირებდნენ. კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ გაიმეორა, რომ მათი მხრიდან ეს ფორმატი გამოყენებული იქნება სააკაშვილის გათავისუფლებისთვის. მონაწილეობას არ მივიღებთ იმ ფორმატში, სადაც სააკაშვილის გათავისუფლებას ჩვენი ქვეყნის მომავალს უკავშირებენ. ამ ფორმატში ისეთი ადამიანები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც ღიად ამბობდნენ, რომ საქართველო სტატუსს არ იმსახურებდა, ვიდრე არჩევნები არ ჩატარდება და სააკაშვილის გათავისუფლება არ მოხდება. პრეზიდენტის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება არ იცვლება და ჩვენი მხრიდან მისი მხარდაჭერა გაგრძელდება, მით უმეტეს, როცა საქმე ევროკავშირს ეხება, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.