საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის კრიტიკა უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა და ქართველი საზოგადოება ამას დიდი ხანია შეჩვეულია - ახალი არაფერი თქმულა.

მისი თქმით, ეს ადამიანები აშშ-ს და მის ლიდერებს დემოკრატიული ღირებულებების სტანდარტს უწუნებენ, რასაც ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი აპოლოგეტი, ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძე აკეთებს.  

„ეს არის უკვე მათი მხრიდან დამკვიდრებული სტანდარტი, ახალი არაფერი თქმულა და შესაბამისად, ამას დიდი ხანია მიეჩვია ქართველი ხალხი. ეს ადამიანები, ეს ამერიკის შეერთებული შტატების და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, უწუნებენ დემოკრატიას, დემოკრატიის ღირებულების სტანდარტს და რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, ამას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი აპოლოგეტი ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძე, ეს სასაცილო არის, სატირალი რომ არ იყოს. დარწმუნებული ვარ და ალბათ მასაც სჯერა, რომ ამ განცხადებას ქართველი მისი ბაბლის იქით ვერავინ წაიკითხავს და შემდეგ ამას სხვანაირად პოლიტიკურად შეფუთავენ და გაყიდიან. მაგრამ, ერთი რამ არის, რომ სიმართლე არასდროს იმალება და სიმართლე არის ის, რომ როდესაც ასეთი სუბიექტების მხრიდან გვესმის ლანძღვა, გინება იმ სახელმწიფოებისა და მათი ლიდერების მისამართით, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების, მისი ხელმძღვანელების მხრიდან, რომლებიც მათი პოლიტიკის მაამებელ განცხადებებს არ აკეთებენ, ამ შემთხვევაში ყველას ტალახს ესვრიან“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური.