აპირებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები მიმდინარე წელს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას - ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილს გადაწყვეტილება მიღებული აქვს. არსებული ცესკოსა და ხელისუფლების პირობებში არჩევნებში მონაწილეობაზე გადაჭრით უარს აცხადებს "ნაციონალური მოძრაობა"; თვითმმართველობაზე უფრო მეტად, ამ ეტაპზე, პრიორიტეტულად სხვა საკითხებს ასახელებენ "ლელოში".
"ჩვენ თვითმმართველობის არჩევნების საკითხებზე არ ვსაუბრობთ, არ ვსაუბრობთ იმიტომ, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ორი მთავარი საკითხის გადაჭრა - ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარება. რაც შეეხება მზაობას, ჩვენ ვემზადებით ხელახალი არჩევნებისთვის - ეს ნიშნავს პარტიული სტრუქტურების მზაობას, ეს ნიშნავს, ზოგადად, საქართველოს მასშტაბით ჩვენს მზაობას," - აცხადებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, ლანა გალდავა.
გადაწყვეტილების მიღებამდე მოვლენათა განვითარებას ელიან სხვა პარტიები. "გირჩში" უკვე ამბობენ, რომ 4 ოქტომბრის კენჭისყრისას მათ საკუთარი კანდიდატები ეყოლებათ.
"მიუხედავად იმისა, რომ რთული არჩევნებია, რადგან, ფაქტობრივად, 63 არჩევნებია ჩასატარებელი ერთდროულად, სხვადასხვა რეგიონში, ჩვენ წინასწარ ვემზადებით, მათ შორის, ადამიანური რესურსების კუთხით, შეხვედრების კი გვქონდა რუსთავში იმის თაობაზე, რომ შესაფერისი კანდიდატები ვიპოვოთ თითოეული საკრებულოსთვის. ზოგადად, პარტია იმიტომ არსებობს, რომ არჩევნებში იღებს მონაწილეობას - თუ არჩევნებში აღარ იღებ მონაწილეობას, ანუ პოლიტიკური ბრძოლის სხვა მეთოდებზე გადადიხარ და ჩვენ ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება, რომ რევოლუციის მზადება დაგვეწყო, ამიტომ, მიუხედავად იმ სიტუაციისა, რომელიც ქვეყანაშია, ჩვენ ვგეგმავთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.