ვიზების გაუქმებაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ მოცემულ კონტექსტში ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობას ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მოსწონს, ეს არანაირი გაგებით კარგი არ არის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

„სხვა დროს, სხვა კონტექსტში ეს შეიძლება, კარგი რამ ყოფილიყო. ვიზების გაუქმებაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ამ კონტექსტში ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობას ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მოსწონს და ეს არანაირი გაგებით კარგი არ არის. პირიქით, იმ ფაქტის კონსტატაციაა, რომ ჩვენმა მთავრობამ სერიოზულად გადაუხვია ევროინტეგრაციის გზიდან. ეს შეიძლება, ჩვენ ისეც გვცოდნოდა ბევრი სხვადასხვა ნაბიჯიდან გამომდინარე, მაგრამ ეს უკვე არა მარტო შიგნიდან ჩანს, არამედ ჩვენი მტრებიც კი აფასებენ ამას თავისებურად. ამ გადაწყვეტილებაზე არანაირი საპასუხო რეაქცია არ უნდა იყო. რუსებმა გააუქმეს სავიზო რეჟიმი და გააუქმეს. გასაგებია, რომ ვიღაც ჩვენს მოქალაქეებს ეს გამოადგებათ, მაგრამ პრობლემა სავიზო რეჟიმში არ არის. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს არის რუსეთის პასუხი ჩვენს საგარეო პოლიტიკაზე. რუსეთის მთავრობამ ჩათვალა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა კარგია, ეს არის ცუდია. ამაზე უნდა იყოს პასუხი მკაფიო ნაბიჯები საგარეო პოლიტიკაში იმგვარი, რომელიც რუსეთს არ მოეწონება. ანუ პროევროპული ნაბიჯები“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.