ჩვენს გარშემო მიმოვიხედოთ, ერთადერთი მშვიდი მეზობელი შავი ზღვაა, ისიც ხანდახან თავს გვესხმის, როცა ღელვაა. არ შეიძლება ასე არხეინად ვიყოთ! - აი, რატომ? რის იმედად ვართ? ან რაღაცა იცის „ქართულმა ოცნება“, რომელსაც არ გვეუბნება - ან რა ვიცი, ყველა მთავარანგელოზი ერთად გადაგვეფარა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ეთერში განაცხადა.

„ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი სახელმწიფო უნდა იყოს მზად ომისთვის. თუ გინდა, რომ ომი თავს არ დაგატყდეს, უნდა იყო მზად. ჩვენს ახალ „თავდაცვის კოდექსში“ 90% რაც წერია, არის ძალიან კარგი. აქამდე რას აკეთებდა „ქართული ოცნება“, 11 წელია ხელისუფლებაშია - აქამდე არ შეიძლებოდა? მაგრამ „თავდაცვის კოდექსი“ მთავარს აწესრიგებს, ბევრს არაფერს არ აწესრიგებს. სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურას ვერ მოაწესრიგებს, შეიარაღების შესყიდვას ის ვერ მოაწესრიგებს - ის აწესრიგებს გაწვევის ახალ წესს, რომელიც სწორი წესია, მაგრამ 2025 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედეს, მაგრამ ეს საფრთხეები დღესაც ხომ არის? რატომ ხვალვე არ ვიწყებთ ამ გაწვევის ახალ სისტემას? ჩვენს გარშემო მიმოვიხედოთ, ერთადერთი მშვიდი მეზობელი შავი ზღვაა, ისიც ხანდახან თავს გვესხმის, როცა ღელვაა. არ შეიძლება ასე არხეინად ვიყოთ! დღესაც თავდაცვის კომიტეტში განხილვა იყო, სუს-ის და შსს-ს ერთობლივი ბიუჯეტი მეტია თავდაცვის ბიუჯეტზე. აი, რატომ? რის იმედად ვართ? ან რაღაცა იცის „ქართულმა ოცნება“, რომელსაც არ გვეუბნება, რომ „მოდით, კაცო ჩვენზე არანაირი თავდასხმა არ იქნება“, ან რა ვიცი, ყველა მთავარანგელოზი ერთად გადაგვეფარა. გეგონება ისლანდიაში ვართ, გარშემო მარტო გეიზერებია ან ახალ ზელანდიაში, თავს რომ არასდროს არ დასხმია არავინ. დაგვემხო ყველაფერი თავზე. მითხარი თავშესაფარი მეტროს გარდა სად არის? თბილისში რომ მოინდომოთ და სირენა ჩართოთ, ვერ ჩართავთ“, - განაცხადა ელისაშვილმა.