გიორგი გახარიას კრიტიკას არ მივიღებ, რადგან მიუხედავად მრავალჯერ მიპატიჟებისა, ის ერთობლივ შტაბში კონსულტაციებზე არ მიდის, -  ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას, სადაც მან თქვა: „მოთხოვნაა, რომ საერთაშორისო იურისდიქციის ქვეშ ჩავატაროთ არჩევნები, ასეთ საჩუქარს „ოცნებას“ ვინც უკეთებს, ან ადეკვატურობა აკლია ან სასარგებლო იდიოტები არიან“.

„გახარიას ამ კრიტიკას ვერ მივიღებ. სულ პირველი ისაა, რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდზე დავდექით, იმიტომ, რომ ყველას მოგვპარეს არჩევნები. ჯამში ოპოზიციამ გაიმარჯვა და უნდათ, რომ ეს გამარჯვება აგვწაპნონ. ამიტომ შევქმენით შტაბი და გავაერთიანეთ ძალისხმევა. ამ ძალისხმევაში გახარია რატომ არ არის, არ ვიცი. ღიად არის მისთვის შეთავაზება. უფრო მეტიც, ჩვენ რაღაცაზე ვიკრიბებით, ვმსჯელობთ, ვპატიჟებთ ყოველ ჯერზე გახარიას ან მის წარმომადგენლებს. მოვიდეს და გვითხრას უკეთესი აზრი. ყოველ ჯერზე ვეძახით, ვურეკავთ მასაც და მის წარმომადგენლებსაც, ვეუბნებით, რომ აქა და აქ ვიკრიბებით, ჩვენი კოალიციის ოფისი, რომელიც ერთობლივ შტაბად გადაკეთდა. მოდი, შე დალოცვილო და გვითხარი რასაც ფიქრობ. ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ და დაგვარწმუნე. ჩვენ რაღაც გადაწყვეტილებას ვიღებთ და შემდეგ გამოდგება და გვლანძღავს. ეს რა წესია? - მოვიდეს, არავინ კარს არ უჭედავს.

ყველას უნდა, რომ ვიღაცას ხელი შეაწმინდოს და არავის არ უნდა მოქმედება. ჩვენ ვმოქმედებთ, ვფიქრობთ და რაღაცებს ვაკეთებთ. თუ არ მოგწონს, მოდი შე დალოცვილო და დახურულ კარს მიღმა გვითხარი შენი აზრი. რა არის ეს, რა პრანჭვაა? რაღაცას ვიტყვით, არ მოდის და შემდეგ დგას და იქიდან გაბუტული გენიოსივით რაღაცებს გეუბნება. არ გამოდის ეს ამბავი, მოდი, დაჯექი კაცურად, განსაცდელშია ქვეყანა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.